აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა საქართველოში შეიძლება გასამმაგდეს – სცენარი და სტატისტიკა
ჰელსმეტრიკის ანუ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული მოდელირებისა და საპროექციო სცენარის მიხედვით, საქართველოში აგვისტოს ბოლოსთვის შესაძლოა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გასამმაგდეს. ამ მძიმე პროგნოზს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმანაძეც ეთანხმება და აცხადებს, რომ თუ ადამიანები არ აიცრებიან, ეს ასეც მოხდება.
„როდესაც მძიმე პროგნოზებს პირდაპირ ვამბობ ხოლმე, შემდეგ იწყება ჩემი სიტყვების თამაში. ხანდახან ადამიანებს მძიმე რეალობა უნდა დაანახო. სამწუხაროდ, ეს ასე იქნება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც აცრილი არ არის, მისი გარდაცვალების რისკი საკმაოდ მაღალია. ამიტომ, გამოსავალი არის, რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აიცრას. ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის, ყველანაირი ვაქცინა არსებობს. ავიცრათ იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „დღის კურიერის“ ეთერში.
ამ სცენარის ვისაც არ სჯერა, იქნებ სტატისტიკას დაუჯეროს.
ამჟამად კორონავირუსის აქტიური შემთხვევების 80% საქართველოში დელტა შტამითაა გამოწვეული. დაფიქსირდა ახალი შტამის – დელტა პლუსის ათი შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ 26 ივლისს ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უცხოეთიდან ისრაელში დაბრუნებულ 12 მოქალაქეს კორონავირუსის „დელტა პლუს“ შტამი გამოუვლინდა და მათ უმრავლესობას საქართველოში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
„ინდური შტამისგან“ განსხვავებით დელტა პლუსს ისეთი მუტაცია აქვს, რომელიც ვირუსს ადამიანის ფილტვების უჯრედებთან სწრაფ დაკავშირებაში ეხმარება.
კომენტარები