დადგინდა სამი სიტყვა, რომელიც ქალის სიცრუეს გასცემს: მეცნიერული კვლევა
აშშ-ის კორნელის კვლევითი უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს სიტყვები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ქალი იტყუება. მათი ნაშრომი Arxiv-ის სამეცნიერო რესურსზეა გამოქვეყნებული.
მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 1703 ადამიანი მონაწილეობდა. შემდეგ კი სპეციალური მობილური დანართის სტატისტიკა შეისწავლეს, რომელიც გაგზავნილი შეტყობინებების „სიმართლეს“ აფასებდა.
გაირკვა, რომ მამაკაცების ეპისტოლარულ მეტყველებაში სიცრუის გარჩევა სიმართლისგან პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს იმიტომ, რომ „წრფელი“ გზავნილის სიგრძე „ცრუ“ გზავნილის სიგრძის ანალოგიურია და ძალზე ცოტა დამახასიათებელ მარკერ-სიტყვებს შეიცავს.
მიუხედავად ამისა, მეცნიერები გვირჩევენ, ფრთხილად ვიყოთ, თუ ძლიერი სქესის წარმომადგენელი სიტყვების „ალბათ“ და „რა თქმა უნდას“ გამოყენებას დაიწყებს.
რაც შეეხება მატყუარა ქალებს, მათი გამოცნობა ბევრად იოლი გამოდგა. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ქალი, რომელიც იტყუება, დიალოგში ხშირად იყენებს სიტყვებს: „შესაძლოა“, „მე“ და „მცდელობა“ — სხვადასხვა ფორმით. ამას გარდა, ქალების ცრუ ტექსტი, როგორც წესი, მართალზე გრძელია – 9,2 სიტყვა 8-ის წინააღმდეგ.
„დადგინდა, რომ ქალები სიცრუეზე მიმანიშნებელ სიტყვებს უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე მამაკაცები. ეს იმაზე მიუთითებს, რომ კაცებს თანამოსაუბრის შეცდომაში შესაყვანად საპირწონე ენობრივი არსენალი არ გააჩნიათ“, — აცხადებენ მეცნიერები.
მათი თქმით, ცრუ გამონათქვამების ლინგვისტური ანალიზისას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ინდიკატორ სიტყვებს ქალის მეტყველებაში.
გარდა ზემოთქმულისა, სწავლულებმა კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ტყუილი – რა მიზნითაც უნდა იყოს ის ნათქვამი – ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას.
ექსპერიმენტი, რომელშიც 18-იდან 71 წლამდე ასაკის 110 ადამიანი მონაწილეობდა, 10 კვირა გრძელდებოდა. ჯგუფის ერთ ნახევარს დაევალა, რომ ამ ხნის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ ეთქვა ტყუილი, თუნდაც კეთილი განზრახვით; მეორე ნახევარს კი არანაირი სპეციალური ინსტრუქცია არ მიუღია – მათ უნდა ეცხოვრათ ისე და მოქცეულიყვნენ ისე, როგორც ცხოვრობდნენ და იქცეოდნენ მანამდე.
ცდის დასრულების შემდეგ სწავლულებმა ექსპერიმენტში მონაწილეთა მონაცემები გააანალიზეს და გააკეთეს დასკვნა, რომ „მართალი“ ჯგუფის წევრები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უფრო ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ, ვიდრე „ჩვეულებრივი“ ჯგუფისა. უფრო მეტიც, „მართლებმა“ თავადვე განაცხადეს, რომ ამ ათი კვირის განმავლობაში პირადი ურთიერთობები ბევრად გაუუმჯობესდათ, ხოლო სოციალური ურთიერთობები უფრო სრულყოფილი გახდა.
კომენტარები