ვაქცინაციის პროცესი საქართველოში – არსებული სიტუაცია და სამიზნე მაჩვენებლები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, საქართველოში, რომლის მოსახლეობაც 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 3 728.6 მლნ-ია, ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 153 128 ადამიანი, ხოლო ვაქცინის ერთი დოზა მიღებული აქვს 311 747 ადამიანს. სულ ჩატარებულია 464 875 ათასი აცრა. დღიურად აცრილია 14 738 ადამიანი.
პროცენტული მაჩვენებლებით, ვაქცინაციის სრული კურსი ჩატარებული აქვს მთელი მოსახლეობის 4,1%-ს;
ერთი დოზით აცრილია მთელი მოსახლეობის 8,36%.
რაც შეეხება ასაკობრივ მაჩვენებლებს, ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ყველაზე ნაკლები – 75+ ასაკობრივ ჯგუფში.
საქართველოში აცრები 4 სახის ვაქცინით ტარდება: „ასტრაზენეკას“ ანუ ე. წ. ოქსფორდის ვაქცინით (რომელიც ვექტორული ვაქცინაა); ამერიკული და გერმანული კომპანიების, „ფაიზერის“ და „ბიოენტექის“ ერთობლივი პრეპარატით (mRNA ვაქცინით) და ჩინური „სინოფარმით“ და „სინოვაკით“, რომლებიც ტრადიციული ტექნოლოგიით – ვირუსის დახოცილი ნაწილაკების საფუძველზეა დამზადებული. „მოდერნაზე“, რომელიც ასევე აშშ-შია წარმოებული და mRNA ვაქცინას წარმოადგენს, საქართველომ მიზეზთა გამო (მათ შორის, ფასის) უარი თქვა.
ივნისამდე ვაქცინაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა ვაქცინების მცირე დოზებით შემოსვლის გამო, ივლისის დასაწყისიდან კი შედარებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში 500-500 ათასი დოზა „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინა შემოვიდა. 24 ივლისს კი აშშ-ის მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ მიიღო საქართველომ, რის შემდეგაც, 24 ივლისს, 6 საათში (12:00-იდან 18:00 საათამდე) აცრაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღიურად საშუალოდ 14 000 აცრა ტარდება, რაც 2-ჯერ ნაკლებია სამიზნე მაჩვენებელზე:
მისი თქმით, დღიური სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად დღეში 25 000 – 30 000 ადამიანი უნდა აიცრას, ამიტომ მიმდინარე კვირის ბოლომდე დამატებითი ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, შეძენილი 1 მილიონი დოზა „ფაიზერიც“ ეტაპობრივად შემოვა და „ფაიზერის“ ვაქცინა რეგიონებშიც თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში აცრის პროცესში ახალგაზრდები შედარებით გააქტიურდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში აცრა დაშვებულია 18 წელს მიღწეული მოქალაქეებისთვის („ასტრაზენეკას“ ვაქცინის გარდა, რომელზეც ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს).
ვიდეო: ახალგაზრდა ქალი „ფაიზერის“ ვაქცინით პირველ აცრას იკეთებს მცხეთის სამედიცინო ცენტრში.
ნინო ხოშტარია
კომენტარები