იტალიაპოლიტიკა

იტალიაში პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

ნახეთ, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ „მწვანე საშვი“ და რა შემთხვევაში დაბრუნდება ფერადი ზონები

იტალიის მთარობამ კოვიდ-19-ის პანდემიის გამო  გასული წლის 31 იანვარს დაწესებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც 31 ივლისს იწურებოდა, კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა – ამჯერად წლის ბოლომდე, 31 დეკემბრამდე. ამის შესახებ მედია იუწყება.

ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 6 აგვისტოდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა: სტადიონები, მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, საგამოფენო სივრცეები, რესტორნების შიდა სივრცეები, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები – მხოლოდ  ე.წ. „მწვანე საშვის“ მქონე პირები დაიშვებიან. „მწვანე საშვი“ საჭიროა ბარის დახლთან მომსახურების მიღების მსურველთათვისაც.

„მწვანე საშვის“ მიღება სრულად ვაქცინირებული მოქალაქეების გარდა შეუძლიათ ინფექციისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებსაც, თუმცა საშვი ვადიანია და გამოჯანმრთელებიდან 6 თვის განმავლობაში მოქმედებს.

„მწვანე საშვის“ მიღება შეუძლიათ, აგრეთვე, ერთჯერადად აცრილ მოქალაქეებსაც ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

ხელისუფლება ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმაზე, იქნება თუ არა საჭირო „მწვანე საშვი“ ადგილობრივი და საერთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობისთვის, თუმცა ეს საკითხი უფრო აქტუალური გახდება შვებულებებიდან ადამიანების დაბრუნების შემდეგ და სექტემბერში სკოლების გახსნის წინ. განათლების სფეროს რაც შეეხება, მასწავლებლებისა და სასწავლო დაწესებულებების პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, აგრეთვე, სამუშაოზე „მწვანე საშვის“ მოთხოვნის აუცილებლობის შესახებ მთავრობა შემდეგ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იმსჯელებს.

მთავრობის და სპეციალისტების შეშფოთებას დელტა შტამის გავრცელება იწვევს.

გუშინ საღამოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული მონაცემების თანახმად, 21-22 ივლისის 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 5 057 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, მათგან უმეტესობა დელტა შტამით არის გამოწვეული. ინფექციას 15 პაციენტი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში, კორონავირუსის შედეგად იტალიაში 127 920 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 4 302 393 შემთხვევა აღრიცხეს. ამჟამად აქტიური პაციენტების რაოდენობა 54 900-მდეა, მათგან კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია 158 კოვიდინფიცირებული.

ამ დროისთვის იტალიაში ყველა რეგიონი ჯერჯერობით ისევ თეთრ ზონაშია, თუმცა სწრაფად გავრცელებადი დელტა შტამის გამო შესაძლოა ფერადი ზონები ისევ დაბრუნდეს. ყვითელ ზონაში გადასვლის კრიტერიუმია, ძველებურად, 50-იდან 100 ახალ შემთხვევამდე 7 დღეში, 100 000 მაცხოვრებელზე გაანგარიშებით, თუმცა ამჯერად გადამწყვეტი იქნება საავადმყოფოების მონაცემები – კერძოდ, რეანიმაციაში და სამედიცინო დაწესებულებებში დაკავებული საწოლების პროცენტული რაოდენობა. თუ ინტენსიური თერაპიის განყოფილებების საწოლფონდის დატვირთვა 10%-ს აღწევს, ხოლო ჩვეულებრივი პალატების – 15%-ს, რეგიონი „ყვითელ ზონაში“ გადავა; „ნარინჯისფერი ზონისთვის“ დატვირთვის კრიტერიუმია, შესაბამისად, 20% და 30%, ხოლო „წითელი ზონებისთვის“ – 30% და 40%.

რაც შეეხება ვაქცინაციის სტატისტიკას და ტემპებს: 

37 მლნ-ზე (მთელი მოსახლეობის 61,27%) მეტი ადამიანი ერთჯერადად არის აცრილი;

28 მლნ 140 ათასზე მეტი ადამიანი (მთელი მოსახლეობის 46,54%) სრულად ვაქცინირებულია;

სულ ჩატარებულია 63 მლნ 880 ათასამდე აცრა.

იტალიაში დღეში, საშუალოდ, 548 ათასზე მეტი აცრა კეთდება.

იტალიაში აცრა დაშვებულია 12 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისთვის. 12 წელს მიღწეული მოზარდების აცრა, რა თქმა უნდა, მშობლების თანხმობით, მიმდინარე წლის ივნისიდან ნებადართულია. ამჟამად საუბარია ასაკობრივი ზღვრის 6 წლამდე დაწევაზე.

მთავრობა გეგმავს, შემოდგომის ბოლომდე მოსახლეობის 80% აცრას.

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი მოქალაქეებს მოუწოდებს, დროულად აიცრან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close