საზოგადოება

„დღეს საოცარი დღეა, ჩვენ ვდღესასწაულობთ გერგეტის წმინდა სამების – სიყვარულის დღეს“ – ილია მეორე

16 ივლისი გერგეტის სამების დღესასწაულია – ღვთაებრივი სიყვარულის დღე. 1980 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გერგეტის სამება მოილოცა და მრევლს მიმართა, რომ ეს დღე, 16 ივლისი, სულიერი სიყვარულის დღედ დაწესებულიყო.

ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის 2007 წელს, გერგეტობას, სიყვარულის დღეს წარმოთქმული ქადაგებიდან:

„დღეს არის საოცარი დღე. ჩვენ ვდღესასწაულობთ წმინდა სამების – სიყვარულის დღეს… რამდენიმე წლის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწესებულიყო ყოვლადწმინდა სამების კიდევ ერთი დღესასწაული – სიყვარულის დღე.

წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ღმერთი არის სიყვარული!“ ეს უნდა ახსოვდეს ყოველ ადამიანს და ყოველი ადამიანი უნდა იყოს ღვთისმოსავი.

ასე დაწესდა წმინდა სამების კიდევ ერთი სადიდებელი დღესასწაული.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა არის სიყვარული. ადამიანი ვერასდროს ჩასწვდება ღვთის არსს და ასევე ვერასდროს ახსნის, რა არის სიყვარული. ერთი მეცნიერი ამბობს: „მე არ მინახავს ღმერთი, მე ვნახე მხოლოდ მისი კვალი, რომელიც გამოვლინდა ბუნებაში“.

მართლაც, ყველაფერში ვლინდება, რომ ღმერთი არის სიყვარული. ღვთაებრივი სიყვარული ვლინდება ადამიანებს შორის და, ზოგადად, დედამიწაზე. ამაზე გვმართებს დაფიქრება.

ადამიანი უნდა დაუკვირდეს თავის თავს და განსაჯოს, არის თუ არა იგი ტაძარი სულისა წმიდისა, ტაძარი სიყვარულისა, არის თუ არა სიყვარული ადამიანში. თუკი ადამიანი მუდამ ამაზე ფიქრობს, იგი ცხონების გზაზე დგას და ასეთ შემთხვევაში მის გარშემო მრავალი ადამიანი ცხონდება.

მაშასადამე, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არის მატარებელი მადლისა სულისა წმიდისა. მადლი სულისა წმიდისა კი არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი…

დღეს ყოველმა ჩვენგანმა ღრმად უნღა ჩაიხედოს თავის გულში და უნდა დაინახოს, რა არის მასში ჩაბუდებული – სიკეთე თუ ბოროტება? განიცდის თუ არა ადამიანი თავის ცოდვებს? როგორც ამბობს ეფრემ ასური: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ბედნიერია ადამიანი, თუ მასში არის ეს განცდა და, ამასთან, არ არის განკითხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი დგას განწმენდის გზაზე. ასეთი ადამიანის სულიერი სამყარო ცარიელი არ დარჩება, მას შეავსებს მადლი სულისა წმიდისა…“

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №26, 2007 წელი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close