ავსტრალიელი ახალგაზრდა კაცი სხვადასხვა კოვიდვაქცინით ოთხჯერ აიცრა
ავსტრალიელმა ახალგაზრდა მამაკაცმა – ტომ ლიმ მარტის შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 დოზა მიიღო: ორი „ასტრაზენეკა“ და ორი „ფაიზერი“. მან პირველი ვაქცინა – „ასტრაზენეკა“ 31 მარტს გაიკეთა, შემდეგ კი – მორიგეობით „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“. იგი დარეგისტრირების ნაცვლად ცოცხალ რიგში ჩადგა და ექიმებმა აცრაზე უარი არ უთხრეს. ამის შესახებ Australian News-ი წერს.
ლიმ დაწერა, რომ ნახა ხალხი, რომლებიც „ფაიზერის“ 2 დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდნენ და უნდოდა გაორმაგებული იმუნიტეტი მიეღო „შემაშფოთებელი დაავადების“ წინააღმდეგ. მამაკაცმა გამოცემას უთხრა, რომ ბოლო დოზა ფაიზერის გაკეთების შემდეგ თავს შესანიშნავად გრძნობს. მისივე თქმით, სისხლის ანალიზს გაიკეთებს, რათა შეამოწმოს, რამდენად მაღალი დაცვა აქვს კორონავირუსის მიმართ.
„თუ დელტა შტამს სურს, გამოცადოს თავისი ძალა, დიდ სიდნეიში უნდა მოვიდეს“, – დაწერა 34 წლის ტომ ლიმ ტვიტერში, როდესაც მეოთხე აცრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.
ამ დროისთვის, ავსტრალიაში „ფაიზერის“ ვაქცინა ხელმისაწვდომია 40 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის და დიდი რისკის შემცველ სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის, მაგალითად, კოვიდსასტუმროების პერსონალისთვის. „ასტრაზენეკას“ მიღება კი ავსტრალიაში შეუძლია ყველას, ვისაც სურს.
სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინების შერევის ტენდენციას ჯანმოში სახიფათოდ მიიჩნევენ. ორგანიზაციის უფროსი სამეცნიერო თანამშრომლის თქმით, დღემდე იღებენ კითხვებს პრეპარატების მონაცვლეობის უსაფრთხოების შესახებ, თუმცა ჯანმოს ამჟამად ამის დადასტურება არ შეუძლია.
ჯანმოს წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა, რომ ადამიანებმა თვითნებურად არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ვაქცინების შერევის შესახებ. მისი თქმით, ამჟამად ოქსფორდში მეცნიერები კლინიკურ ცდებს ატარებენ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების ურთიერთქმედებაზე.
ნინო ხოშტარია
კომენტარები