იტალიასაზოგადოება

გარდაიცვალა რაფაელა კარა – „იტალიური ტელევიზიის ღიმილი“

18 ივნისს მოცეკვავეს 78 წელი შეუსრულდა

დღეს, 5 ივლისს, 16.20 საათზე რომში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მოცეკვავე და მომღერალი, ტელეწამყვანი და მსახიობი რაფაელა კარა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება

„გარდაიცვალა რაფაელა კარა – იტალიური ტელევიზიის ღიმილი“, – წერს „კორიერე დელა სერა“.

„რაფაელამ დაგვტოვა. ის წავიდა უკეთეს სამყაროში, სადაც მისი ადამიანურობა, უზადო ღიმილი და არაჩვეულებრივი ტალანტი მუდამ იბრწყინებს“, – ამ სიტყვებით აცნობა საზოგადოებას კარას ყოფილმა პარტნიორმა, ქორეოგრაფმა სერჯო იაპინომ სამწუხარო ამბავი იტალიელი ვარსკვლავის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც 18 ივნისს 78 წელი შეუსრულდა. მან თანაგრძნობა გამოუცხადა რაფაელას შვილიშვილებს – ფედერიკას და მატეოს, ბარბარა, პაოლა და კლაუდია ბონკომპანებს, მის ძველ მეგობრებსა და „თანამებრძოლებს“..

მისივე თქმით, რაფაელას საკუთარი შვილები არ ჰყოლია, თუმცა იგი 150 ათას ბავშვს ეხმარებოდა, რომლებზეც ზრუნავდა დისტანციურად შვილად აყვანის სპეციალური პროგრამის ფარგლებში.

ცნობილი მომღერლის და მოცეკვავის დაკრძალვის დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. სერჯო იაპინოს თქმით, კარამ თავისთვის ითხოვა უბრალო ხის კუბო და ურნა – ფერფლისთვის.

რაფაელა კარა ბოლონიაში დაიბადა 1943 წლის 18 ივნისს. მამამისი რომიდან იყო, დედა – სიცილიური ოჯახიდან, თუმცა კარას მშობლები მალე დაშირდნენ ერთმანეთს. რაფაელამ ბავშვობა ქალაქ ბელარია-იჯეა მარინაში გაატარა. ბებიის დაჟინებით, 8 წლის რაფაელა რომში გაგზავნეს თეატრალური ხელოვნების შესასწავლად, სადაც იგი სასცენო ხელოვნებას და ქორეოგრაფიას ეუფლებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ რაფაელამ რომში კინემატოგრაფიის ექსპერიმენტულ ცენტრში განაგრძო სწავლა, რომლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე ფილმში გადაიღეს.

გადაცემა „კანცოსიმა’70“-ში («Canzonissima’70») გამოსვლის შემდეგ კარამ ჩაწერა კომპოზიცია «Ma che musica maestro» გადაცემის ტიხრისთვის, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა და ჰიტ-პარადებში პირველ პოზიციებზე გავიდა. აქედან იწყება მისი წარმატებული მუსიკალური სოლოკარიერა.

რაფაელა კარა პოპულარულობის ზენიტში იყო 1970-1980-იან წლებში. იგი საყოველთაოდ ცნობილი გახდა სიმღერით A far l`amore comincia tu („შენ გადადგი პირველი ნაბიჯი, რომ სიყვარულს მიეცე“), რომელიც უამრავი ქვეყნის ჰიტ-პარადებში მოხვდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close