ალცჰაიმერით დაავადებულმა კაცმა ცოლს ხელი ისევ სთხოვა – მათ 12 წლის შემდეგ მეორედ იქორწინეს
კონექტიკუტში მცხოვრებმა წყვილმა 12 წლის შემდეგ მეორედ იქორწინა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
56 წლის პიტერ მარშალის მეხსიერებიდან ალცჰაიმერმა საკმაოდ ბევრი რამ წაშალა, თუმცა ვერაგმა დაავადებამ ცოლისადმი პიტერის სიყვარულს ვერაფერი დააკლო.
ტელევიზორში ქორწილის სცენის ყურებისას პიტერმა მის გვერდით მჯდომ ლიზას ხელი მეორედ სთხოვა. მას აღარ ახსოვდა, რომ უკვე 12 წელი გადიოდა, მას შემდეგ, რაც ლიზა მისი მეუღლე გახდა.
ლიზა ამგვარ შემთხვევებს უკვე დაჩვეული იყო და მეუღლისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან ეგონა, პიტერს მეორე დღეს ეს აღარც კი ემახსოვრებოდა, თუმცა მეორე დღეს, გაღვიძებისთანავე, პიტერმა ლიზას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ძალიან უნდოდა, ის მისი ცოლი გამხდარიყო.
ასე და ამგვარად, 12 წლის შემდეგ წყვილმა მეორედ დაქორწინება გადაწყვიტა. საქორწილო ცერემონია პიტერმა და ლიზამ ოჯახისა და ახლო მეგობრების წრეში გადაიხადეს.
„ეს ზღაპარს ჰგავდა. ასეთი ბედნიერი პიტერი დიდი ხანია არ მინახავს. მისი მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდება. ხანდახან ისიც არ ახსოვს, რა ხდება მის გარშემო, ვინ ვარ და რატომ ვუვლი ასე, მაგრამ ქორწილის დღეს ის ჩემკენ მოულოდნელად გადმოიხარა და მითხრა: „მადლობა, რომ დარჩი და არ დამტოვე“, – ამბობს ლიზა.
ლიზამ იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც ალცჰაიმერის დაავადების მქონე ოჯახის წევრი ჰყავთ, სოციალურ ქსელ Facbook-ზე გვერდიც კი გააკეთა, სადაც ის საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებს.
primetime.ge
კომენტარები