ისრაელის მოსახლეობა მომავალი კვირიდან, 28 ივნისიდან კვლავ ვალდებული იქნება, ატაროს ნიღაბი დახურულ სივრცეებში დელტა (ე. წ. ინდური) ვარიანტით ინფიცირების მაჩვენებლების ზრდის გამო.
როგორც The Times of Israel-ი იუწყება, შეზღუდვის ზომის დაბრუნების გადაწყვეტილება მთავრობამ იმიტომ მიიღო, რომ ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში ინფიცირების დღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – 169.
აღსანიშნავია, რომ ისრაელში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 70% დელტა შტამზე მოდის.
კორონავირუსთან ბრძოლის კოორდინატორი, პროფესორი ნახმან აში მოქალაქეებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს აუცრელ ბავშვებთან ერთად.
ნახმან აშის თქმით, ქვეყანაში ახალი შტამების გავრცელების პრევენცია შეუძლებელია, ვიდრე საზღვრები ღია რჩება, ხოლო კოლექტიური იმუნიტეტი ჯერ გამომუშავებული არ არის, რადგან ამას მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია სჭირდება.
23 ივნისის მონაცემებით, ისრაელის მოსახლეობის 59%-ზე მეტს ერთი აცრა მაინც აქვს გაკეთებული, ხოლო სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 55%-ზე მეტი.
სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ჩააბარონ პისიარ-ტესტი, თუ ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი, იმის მიუხედავად, არიან თუ არა აცრილები.
ისრაელში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება 15 ივნისიდან მოიხსნა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები