იტალიაპოლიტიკა

დღეიდან მთელი იტალია „თეთრი ზონაა“ ვალე დ’აოსტას გარდა

ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება შესაძლოა 28 ივნისიდან მოიხსნას

ორშაბათიდან, 21 ივნისიდან მთელი იტალია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით „თეთრ ზონაში“ გადავიდა, ვალე დ’აოსტას გარდა, რომელიც „ყვითელ ზონაში“ 28 ივნისამდე დარჩება.

უკვე „თეთრ ზონაშია“ ბაზილიკატა, კალაბრია, კამპანია, მარკე, ტოსკანა, სიცილია და ბოლცანოს ავტონომიური პროვინციაც, სადაც შეზღუდვები, პრაქტიკულად, მთლიანად არის მოხსნილი, პირბადის ტარების ვალდებულების, დისტანციის დაცვის, ხელების ჰიგიენის მოთხოვნის და ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვის გარდა, რომლებიც ისევ ძალაში რჩება.

დღეიდან იტალიაში დიდი ბრიტანეთიდან ჩასული ვიზიტორებისათვის 5-დღიანი კარანტინი სავალდებულოა. ეს ზომა მიიღეს იმისთვის, რომ კორონავირუსის დელტა (ე. წ. ინდური) შტამის გავრცელება შეაჩერონ (როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში ამჟამად, ძირითადად, სწორედ ეს შტამი ცირკულირებს –  90%-ზე მეტი).

5-დღიანი კარანტინი დიდი ბრიტანეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის იტალიამდე გერმანიამ შემოიღო.

ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას ახალი დადგენილება იტალიაში დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ ვიზიტორებს, გარდა 5-დღიანი კარანტინისა, ტესტის ჩაბარებასაც ავალდებულებს – ეს ეხება ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც, რადგან არსებობს საშიშროება, რომ დელტა ვარიანტზე ვაქცინაციამ შესაძლოა „არ იმუშაოს“.

ჯანდაცვის მინისტრის დადგენილების თანახმად, იტალია საზღვრებს უხსნის ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ის, კანადისა და იაპონიის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვრის კვეთისას ე. წ. მწვანე სერტიფიკატს – ევროპულ „მწვანე საშვს“ წარადგენენ.

გაგრძელდა აკრძალვა იტალიაში ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან და შრი-ლანკიდან შესვლაზე.

28 ივნისიდან ან 5 ივლისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნება

28 ივნისი, როდესაც მთელი იტალია „თეთრი ზონა“ გახდება, ვალე დ’აოსტას ჩათვლით, კვალიფიციური წყაროების თანახმად, შესაძლოა იყოს დღე, როცა იტალიაში ქუჩაში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნება. ამაზე სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტი დღეს, 21 ივნისს იმსჯელებს. არ არის გამორიცხული, რომ ამ ვადამ კიდევ ერთი კვირით გადაიწიოს, რადგან ზოგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნასთან დაკავშირებით 5 ივლისამდე ჯობია მოცდა, კორონავირუსის ახალი ვარიანტების  რისკის გათვალისწინებით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close