„რას ჰყვება საბერძნეთში დაკავებული ქართველი ემიგრანტი, რომელსაც პოლიცია ღლიკა ნერაში 20 წლის ქალის მკვლელობის აღიარებას აიძულებდა (ვიდეო)
საზარელი მკვლელობა, უდანაშაულო ქართველი და რეალური დამნაშავე, რომელიც პოლიციასაც და მედიასაც ერთი თვის განმავლობაში ატყუებდა. „ქრონიკამ“ ქალაქ ღლიკა ნერაში მომხდარის დეტალები გაარკვია და კორიდალოს ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც გიორგი ხარძეიშვილი ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ჰყვება.
„ოთხი დღის განმავლობაში ვყავდი დაბმული და მირტყამდნენ, რომ მეღიარებინა, როდესაც საერთოდ არ ვიცოდი, თუ რა ხდებოდა. ჩამიყვანეს კარცერში, ვინც იღლებოდა, ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. არაფერს მეკითხებოდნენ, პირდაპირ მოდიოდნენ, მცემდნენ და მთხოვდნენ, მეღიარებინა, როგორ მოვკალი. არც ქურდობის ფაქტებთან მაქვს შეხება. ჩემი დნმ-ი ამოვიდა ერთ-ერთ ინსტრუმენტზე. მე მანქანა მომპარეს, რომელშიც ეს ინსტრუმენტი მქონდა და ეს ინსტრუმენტიც აქვთ ნანახი“, – აცხადებს გიორგი ხარძეიშვილი.
გამოძიებამ ახლა უკვე დაადგინა, რომ ახალგაზრდა მფრინავმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა, მტკიცებულებები გაანადგურა და 1 თვის განმავლობაში მედიას სასტიკი დანაშაულის საკუთარ ვერსიას უყვებოდა. 36 წლის ქართველი საპატიმროში სხვა საქმის გამო რჩება. საკითხს საქართველოს საელჩოც იკვლევს.
11 მაისს ათენთან ახლოს ქეროლაინ ქრაუჩი 11 თვის შვილის თანდასწრებით მოკლეს. მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას დანაშაულთან კავშირი არა აქვს. პოლიციამ 20 წლის ქრაუჩის მკვლელობისთვის ბრალი მის ქმარს წაუყენა. სამოქალაქო ავიაციის 32 წლის პილოტმა ბაბის ანაგნოსტოპულოსმა ბრალი უკვე აღიარა.
კომენტარები