პოლიტიკა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

16 ივნისს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 57 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. წელს რეზოლუციას 80-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. ინფორმაციას გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.

„გასული წლის მსგავსად, გაეროს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 57 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს“, – ნათქვამია გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.

„აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

რეზოლუცია, ასევე, მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“, – აღნიშნულია გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close