„ჩვენს გრძნობას წინ ვერავინ დაუდგა…“ – ცოლიანმა ოთარ ტატიშვილმა 19 წლის გოგონა შეირთო
ოთარ ტატიშვილის და თიკა სვანიშვილის სიყვარულის ისტორიის შესახებ თიკამ დეტალურად ისაუბრა. აი რას ჰყვება სტომატოლოგი, რომელთანაც ოთარს ერთი გოგონა ჰყავს.
ექიმის, მსახიობისა და ტელეწამყვანის – ოთარ ტატიშვილისა და თიკა სვანიშვილის ოჯახი უკვე 25 წელს ითვლის. ოთარისთვის ეს მეორე ქორწინებაა, პირველი ქორწინებიდან მას ორი ვაჟი ჰყავს. თიკა სვანიშვილი „სარკეს“ გულწრფელად უყვება სიყვარულის ამბავს და არ უარყოფს, რომ როდესაც ოთართან ცხოვრება დაიწყო, ის ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო.
სტომატოლოგი იხსენებს, რომ როდესაც ოთართან ურთიერთობა დაიწყო, 19 წლის იყო და მაშინ დედამ უთხრა, რომ ერთადერთი რაც ამართლებდა – მხოლოდ ასაკი იყო.
„დედამ მითხრა, ახლა ვერ ხვდები რაღაცებსო, და მართალიც იყო. დღეს რომ ვიდგე იმავე გადაწყვეტილების წინაშე, ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდებოდი. იმას არ ვამბობ, რომ ვნანობ. ერთი წამითაც არ მინანია, ისევ ისე გავივლიდი იმ ყველაფერს, როგორც გამოვიარე. მე იმას ვამბობ, რომ თურმე იმაზე მეტად სანერვიულო იყო, ვიდრე მეგონა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემს შვილს ორი უფროსი ძმა ჰყავს, რომლებიც მისთვის ყველაფერი არიან. შოთიკო ნანიკოზე ორი წლით უფროსია. ყოველწამიერი ურთიერთობა აქვთ და ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!“ – ამბობს ქალი.
მისი თქმით, ძალიან გაუჭირდა ჭორებთან გამკლავება, რადგან ინსტიტუტში ოთარი ერთ-ერთი პოპულარული ბიჭი იყო, რომელსაც ყველა იცნობდა და როცა შეუღლდნენ, მას ოფიციალურად ცოლი ისევ ჰყავდა.
„ამას არ უარვყოფ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, მაგრამ ჩვენ ისეთი გრძნობა გვქონდა, რომელსაც დედამიწის ზურგზე წინ ვერავინ დაუდგა“, – ამბობს ტელეწამყვანის მეუღლე.
ოთარ ტატიშვილს, რომელიც ფართო საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან „შუა ქალაქში“, სტომატოლოგ თიკა სვანიშვილთან ერთი გოგონა – ნანი ტატიშვილი ჰყავს. ნანიმ ორი წლის წინ დაამთავრა სკოლა და ახლა სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს – მშობლების გზას ადგას, პარალელურად ხანდახან სპექტაკლებშიც თამაშობს.
ოთარ ტატიშვილი რამდენიმე წელია ეკრანებზე გამოჩნდა ექიმ ირაკლი ჩხეიძის როლში და საზოგადოების ყურადღება და სიყვარული დაიმსახურა. ის ყველაფერს ასწრებს, ცდილობს ყველაფერში საუკეთესო იყოს. „ღამის შოუს“ სტუდიამ ჩათვალა, რომ სერიალის „შუა ქალაქში“ შემდეგ ის კიდევ უფრო უნდა დაეტვირთა სატელევიზიო სივრცეში და ახალი გადაცემა „ოთარ ტატიშვილის შოუ“ გაუკეთა.
ოთარი პირველ მეუღლეს ეკა არჩვაძეს დაახლოებით 20 წლის წინათ დაშორდა. ეკასთან მას ორი ვაჟი ჰყავს – ზუკა და შოთი. შოთი მაყურებელს 2015 წელს „X ფაქტორის“ კონკურსიდან ახსოვს, სადაც მისმა არაჩვეულებრივმა ნამღერმა ჟიური მოხიბლა.
რამდენიმე თვის წინ ოთარ ტატიშვილის უმცროსმა ვაჟმა იქორწინა. შოთას რჩეული მარიამ ხულელიძეა.
კომენტარები