მსოფლიოპოლიტიკა

4-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც მაკრონს სილა გააწნა

28 წლის დამიენ ტარელს, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სილა გააწნა, 4 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურატურა 18-თვიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ 4-თვიანი პატიმრობა და შემდეგ 14 თვე – პირობითი ვადა ადეკვატური სასჯელი იქნებოდა.

ფრანგული მედია წერს, რომ 28 წლის დამიან ტარელი როიალისტი, ისტორიული რეკონსტრუქციების მოყვარული და კონსერვატორია. საფრანგეთის პრეზიდენტზე თავდასხმის დროს მან შუა საუკუნეების საბრძოლო დევიზი წამოიძახა:„Montjoie Saint Denis!“ („მონჟუა სენ დენი“ – საფრანგეთის სამეფოს დევიზი, რომელსაც ამჟამად ექსტრემისტული წრეების წარმომადგენლები იყენებენ).  ამას გარდა, ზოგიერთი მონაცემებით, ტარელი მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ნაციონალური გაერთიანების“ ყოფილი წევრების არხების გამომწერია YouTube-სა და სხვა პლატფორმებზე.

პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ტარელი, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს, შემთხვევით გამოჩენილი სამუშაოების ანაზღაურებით არსებობს. მან პოლიციაში დაკითხვაზე ვერ შეძლო ადეკვატურად აეხსნა, რატომ დაარტყა პრეზიდენტს და, როგორც The Times-ი წერს, რაღაც „იდეოლოგიური ფაფა“ გამოუვიდა. მისი თქმით, რამდენიმე დღით ადრე კვერცხის ან ტორტის სროლას ფიქრობდა, თუმცა გადაიფიქრა და მისი მოქმედება იმპულსური იყო – როდესაც „მაკრონის ყალბი გულითადობით სავსე მზერა“ დაინახა, ზიზღი იგრძნო და ინსტინქტურად გააწნა სილა. ტარელი ამტკიცებს, რომ თავად განაცვიფრა საკუთარმა ქმედებამ. მისივე თქმით, ყვითელჟილეტიანების მხარდამჭერია. წყაროს ცნობით, ტარელიც და მისი თანამოაზრეც პრეზიდენტზე თავდასხმისას მთვრალები იყვნენ. ამას გარდა, პოლიციელმა აღნიშნა, რომ დაკავებულები ცხოვრობენ „საზოგადოებისგან გარიყულად, შუა საუკუნეებისადმი ნოსტალგიისა და კომპიუტერული თამაშების პარალელურ სამყაროში“.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, დრომის დეპარტამენტში რეგიონული ტურნეს დროს, მოსახლეობასთან ერთ-ერთი შეხვედრისას ემანუელ მაკრონს ახალგაზრდა მამაკაცმა სილა გააწნა. პრეზიდენტი დაცვამ მალე გააიყვანა შემთხვევის ადგილიდან, თავდამსხმელი კი თავის თანამზრახველთან ერთად პოლიციამ დააკავა.

მედიის ინფორმაციით, მაკრონისთვის „სილის გაწვნის საქმეში“ ექსტრემისტული კვალიც აღმოჩნდა: დამიენ ტარელთან ერთად დაკავებული ARtur C.-ს (მან პრეზიდენტისთვის სილის გაწვნის მომენტი გადაიღო და ვიდეო Twitter-ში განათავსა) სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და ჰიტლერის „მაინ კამფი“ აღმოაჩინეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ამან განამტკიცა ეჭვები, რომ ინციდენტის ავტორები ულტრამემარჯვენე შეხედულებებს იზიარებენ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close