ეკონომიკამოგზაურობა

ივნისში ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროპის 3 მიმართულებით განახლდება

ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვენა-ქუთაისი-ვენის, ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტისა და ვროცლავი-ქუთაისი-ვროცლავის საჰაერო ხაზებზე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

„ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტიდან პანდემიის შემდეგ პირველ რეგულარულ პირდაპირი რეისს 19 ივნისს შეასრულებს, ვროცლავიდან – 26 ივნისს, ხოლო ვენიდან – 29 ივნისს განახორციელებს.

სამივე მიმართულებით რეისები კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება“, – აცხადებენ უწყებაში.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება COVID-19-ის პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა რეგულაციის სრული დაცვით მიმდინარეობს.

„მოხარული ვართ, რომ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ნელნელა იტვირთება რეგულარული რეისებით. როგორც იცით, დღეს და ხვალ პოლონეთის ორი ქალაქის, გდანსკისა და კატოვიცეს მიმართულებით განახლდება ფრენები ქუთაისიდან. ივნისიდან გვემატება უკვე პოლონეთიდან მესამე მიმართულება – ვროცლავი, ასევე, ბუდაპეშტისა და ვენის მიმართულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისიდან ახლა უკვე პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა ევროპის 6 ქვეყნის 9 ქალაქში, ხოლო ცენტრალური აზიის 3 ქალაქშია შესაძლებელი. ჩვენ ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ახალი მიმართულებები ეტაპობრივად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაამატონ“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ეროვნული რეგულაციებით და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული გაიდლაინები და რეკომენდაციების შესრულება სრულად უზრუნველყოფილია. არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები, გამცილებლის შესვლა კი ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვნისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ტერმინალში არ შეუშვებენ.

COVID-19-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვების დროს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული ფრენები ხორციელდებოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close