newsარტისტი

კიდევ ერთი დანაკლისი – მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა

გარდაიცვალა ქართული თეატრის და კინოს მსახიობი მარი (მარინა) ჯანაშია. იგი 71 წლის იყო. 

მარი ჯანაშია 1949 წლის 28 დეკემბერს დაიბადა ქალაქ თბილისში. 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1968-1981 წლებში იგი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, 1981–1987 წლებში – კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენას ამშვენებდა თავისი არაჩვეულებრივი არტისტიზმით, ერთგვარი არისტოკრატიზმით, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრს დაუბრუნდა.

მარინა ჯანაშიამ არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა რუსთაველის თეატრის სცენაზე, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს იგი სპექტაკლში, შეუძლებელია დაავიწყდეს მისი მომხიბვლელი თვითმყოფადობა, პლასტიკა, გრაციოზულობა, თამაშის კულტურა, ხმა, მეტყველება…

იმ სახეებიდან, რომლებიც მარი ჯანაშიამ სცენაზე შექმნა, გამორჩეულია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), დეზდემონა („ოტელო“),  ევრიდიკე („ევრიდიკე“), მაცაცო („გუშინდელნი“), ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“).

ფოტო მარი ჯანაშიას ფეისბუქიდან

მარი ჯანაშიას შესრულებული აქვს არაერთი როლი კინოში, მათგან პირველი იყო ნუცა ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის ამავე სახელწოდების ფილმში („ნუცა“, 1971 წ.); მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე კინოში იყო ანიკო – სიკო დოლიძის და ქეთი დოლიძის ფილმში „კუკარაჩა“; 2013 წელს მარი ჯანაშიამ მასწავლებლის როლი ითამაშა რეჟისორების – ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმში „გრძელი ნათელი დღეები“. ეს მისი ბოლო კინოროლი იყო.

მსახიობს კვირას, 30 მაისს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

პანაშვიდები 28 და 29 მაისს გაიმართება, 30 მაისს 14:00 საათზე კი მსახიობს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენებენ.

მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული თეატრალური საზოგადოებისა და მთლიანად საქართველოსთვის.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close