მიგრაცია

გამართლდა თუ არა მოლოდინები – რას ჰყვებიან გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები (ვიდეო)

გერმანიაში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფი ამბობს, რომ მათ დამსაქმებელმა პირობები ცალმხრივად შეუცვალა. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გერმანულ მხარესთან ერთად პრობლემებში გარკვევას ცდილობს.

9 მაისს სეზონურ დასაქმებაზე სახელმწიფო პროგრამით 24 ადამიანი წავიდა. ეს იყო საქართველოს მოქალაქეების მეოთხე ჯგუფი, რომელიც გერმანელი ფერმერის შეთავაზებულ ვაკანსიაზე საქართველოს დასაქმების სააგენტომ შეარჩია, გააფორმა კონტრაქტები და გერმანიის დაკვეთით შვეიცარიის საზღვართან მარწყვის საკრეფად გაუშვა.

დასაქმებულები ამბობენ, რომ პირობები, რომელშიც აღმოჩნდნენ, „100%-ით განსხვავდება მათი მოლოდინისგან“.

ჯაბა ჩაჩანიძე ხარაგაულის რაიონში ცხოვრობს, ბაზარში მუშაობდა და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლა გადაწყვიტა. დასაქმების პროგრამის კონტრაქტის თანახმად, 6 დღის განმავლობაში მას 48 საათი უნდა ემუშავა ანუ დღეში 8 საათი, თუმცა ადგილზე ფერმერმა უთხრა, რომ 4 საათს იმუშავებდნენ და ანაზღაურებასაც მოკრეფილი მარწყვის რაოდენობის მიხედვით მიიღებდნენ. ანუ აღმოჩნდა, რომ რეალურად დაახლოებით იმის ნახევარს გამოიმუშავებდა, რისი იმედიც ჰქონდა.

დასაქმებულები ამბობენ, რომ როგორც კი ახალი პირობების შესახებ გაიგეს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ დასაქმების სააგენტოსა და საკონსულოს და თავიანთი პრობლემის შესახებ შეატყობინეს. ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ ჯაბამ კონტრაქტი გაწყვიტა და სხვა კერძო დამსაქმებელთან დამოუკიდებლად იპოვა სამუშაო:

„შევატყობინე სააგენტოსაც. ვალით წამოვედი და 8 დღე ველოდე ცვლილებას, მაგრამ არაფერი. ვიცი, რომ რაღაც შეიძლება დამაკისრონ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ის სამუშაო პირობები არ იყო, რაც შემოგვთავაზეს“.

ჯაბა ამბობს, რომ დამსაქმებლები დაქირავებულებს თავისი ხარჯით დღეში ერთხელ, საღამოს 8 საათზე, უმასპინძლდებოდნენ ვახშმით, თუმცა იმის გამო, რომ დილას მუშაობას 6 საათზე იწყებდნენ, საუზმისა და სადილისთვის საკვებს თავად ყიდულობდნენ და საძინებელ ოთახებში უწევდათ ჭამა.

საცხოვრებელ და სამუშაო პირობებზე დასაქმებულები ვიდეოში ლაპარაკობენ.

როგორი ვითარებაა დანარჩენ სამ ჯგუფში, ჩვენთვის ცნობილი არ არის. მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლება ვერ დაუკავშირდა გერმანიაში სეზონურ დასაქმებაზე წასულ სხვა მოქალაქეებს.

თუმცა გერმანული მედიის – OstWest-ის – სიუჟეტში ჩანს, რომ სამუშაო პირობების შესაფერისად ჩაცმული ქართველი მუშები სატაცურს კრეფენ, აფასოებენ და სამუშაო პირობებით კმაყოფილებიც არიან.

სამუშაო პირობების გამო შექმნილი პრობლემების გასარკვევად რადიო თავისუფლება დასაქმების სააგენტოს დაუკავშირდა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში გვითხრეს, რომ სავსებით იზიარებენ იმ წუხილს, რომელიც აქვს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასული მოქალაქეების ერთ ჯგუფს.

„გიდასტურებთ, რომ ერთი ჯგუფის წარმომადგენელთა მხრიდან იყო უკმაყოფილება დამსაქმებლის მიერ სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევის გამო. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან.

თავის მხრივ, გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტომ პროცესში ჩართო სხვა შესაბამისი უწყებებიც, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით, რასაც დასჭირდა რამდენიმე დღე.

დღეის მდგომარეობით, ქართულმა მხარემ უკვე მიიღო ინფორმაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსგან, რომ ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის, რაც, ცხადია, არის ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგი“, – გვითხრეს უწყებაში და განგვიმარტეს, რომ, გერმანიასა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებიდან და სამუშაო კონტრაქტიდან გამომდინარე, დამსაქმებელი დათანხმდა საქართველოდან ჩასულ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებს გადაუხადოს საათობრივი ანაზღაურება და იმ შემთხვევაში, თუ ამ პირობას არ დაიცავს, ქართული მხარე მოითხოვს ამ კონკრეტული ჯგუფის წევრების გადანაწილებას სხვა დამსაქმებლებთან.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით 2021 წლის 14 აპრილიდან მაისის 15 რიცხვამდე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა სულ 4 ჯგუფი 54 პირის შემადგენლობით.

შემოსული 27 ვაკანსიიდან, სადაც 632 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი, საქართველომ 730 განაცხადი უკვე გაგზავნა. საერთო ჯამში, სეზონურ სამუშაოებში გერმანიაში საქართველოს 5 000 მოქალაქის დასაქმებაა შესაძლებელი.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close