საქართველოს საელჩო: დაკავებული ქართველი უდანაშაულოა – 20 წლის გოგოს მკვლელობა საბერძნეთში
საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც პოლიციამ ევროსის საზღვარზე ყალბი პასპორტით ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავა, ათენის გარეუბანში ახალგაზრდა ქალის გახმაურებულ მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით.
„საბერძნეთის პოლიცია ღლიკა ნერაში ახალგაზრდა გოგოს გახმაურებული მკვლელობის საქმის გამოძიებას აგრძელებს. საბერძნეთის პოლიციის განცხადებით, დანაშაულის ადგილზე ნაპოვნია არაერთი კვალი, მათ შორის, დნმ-ის, რაც ნიშნავს, რომ დამნაშავეებმა არაერთი შეცდომა დაუშვეს და კვალი ვერ დამალეს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო აღნიშნულ დანაშაულში და რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს ევროსის საზღვარზე ყალბი პასპორტით ქვეყნის დატოვების მცდელობის დროს, უკანასკნელი ინფორმაციით ირკვევა, რომ მას მომხდარ ფაქტთან კავშირი არ ჰქონია, – აცხადებს ბერძნული მედია“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათენის გარეუბანში დაახლოებით 2,5 თვის მომხდარი სასტიკი მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე – საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
7 მარტს ღლიკა ნერაში (Γλυκά Νερά, ქალაქი საბერძნეთში, ათენის აღმოსავლეთ გარეუბანი) ახალგაზრდა წყვილი დააყაჩაღეს. ყაჩაღები კერძო სახლში გაძარცვის მიზნით გამთენიისას შევიდნენ. მათ მიიტყუეს და ჩამოახრჩვეს ეზოში მოდარაჯე ძაღლი, რის შემდეგაც სამოქალაქო ავიაციის 32 წლის პილოტის და მისი 20 წლის მეუღლის სახლში შეიჭრნენ. ყაჩაღებმა ახალგაზრდა დედა ბალიშით გაგუდეს, როდესაც მის გვერდით 11 წლის ჩვილი გამწარებით ტიროდა. ოჯახის უფროსი, 32 წლის პილოტი სკამზე მიაბეს.
პირველ არაოფიციალურ განცხადებაში პილოტმა თქვა, რომ დაახლოებით დილის 4:30 სთ-ზე მათ სახლში 3 ნიღბიანი მამაკაცი შევიდა კოტეჯის უკანა მხრიდან, ფანჯრის გატეხის შემდეგ. 2 მათგანი ბერძნულად ლაპარაკობდა, მესამე კი – ძლიერი აქცენტით. შემდეგ მათ პილოტი ხელბორკილებით სკამზე მიაბეს და სახლის გაჩხრეკა დაიწყეს. სკამზე მიბმულმა, სახლის პატრონმა გადაადგილება მოახერხა, მობილური ტელეფონის საგანგებო გამოძახების ღილაკს დააჭირა ხელი და პოლიცია გამოიძახა.
ინფორმაციის თანახმად, ყაჩაღებმა 10 ათასი ევრო წაიღეს.
ღლიკა ნერაში პოლიციელებმა სახლის ჩხრეკისას და დამნაშავეთა მიერ დატოვებული კვალის ძებნისას ყველა თანამედროვე მოწყობილობა გამოიყენეს. გამოძიების დროს მათ კეროლაინის (მოკლული ახალგაზრდა ქალი) ფრხჩილებიდან ერთ-ერთი ყაჩაღის გენეტიკური მასალაც აიღეს – კეროლაინმა ფრჩხილებით გაკაწრა თავდამსხმელი საწოლში წინააღმდეგობის გაწევის დროს. ამასთან, აღმოაჩინეს დნმ და თითების ანაბეჭდები წებოვან ლენტაზე, რომლითაც ოჯახის უფროსი სკამზე მიაბეს.
ეს მასალა პოლიციელებმა მონაცემთა ბაზაში შეიყვანეს დამნაშავეების ვინაობის დასადგენად (გავრცელებული ინფორმაციით, მონაცემთა ბაზა სამართალდამრღვევთა დაახლოებით 165 ათას ანაბეჭდს და დნმ-ს შეიცავს).
ამასთან, პილოტმა დაინახა და შემდეგ დეტალურად აღუწერა პოლიციას ერთ-ერთი თავდამსხმელი. კრიმინალისტებმა თმის ღერებიც იპოვეს, რომლებიც, მათი ვარაუდით, ერთ-ერთ ყაჩაღს ეკუთვნის.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ ვიდეოკამერის ჩანაწერებიც აქვთ და იმედია, მალე შეძლებენ ნამდვილი დამნაშავეების პოვნას.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები