საზოგადოებასაქართველო

რა ხდება ახლა დმანისში – შსს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

ვითარება განიმუხტა, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს დმანისში დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

დაპირისპირების განმეორების პრევენციისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, უწყების თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

შსს-ს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს დმანისში ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას“, – აცხადებენ შსს-ში.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინ მოხდა. ნაცემია მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრებიდან ჩანს, როგორ უსწორდება ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს. ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ.

ამასთან, დმანისში დაპირისპირება დღესაც  მოხდა. ადგილზე ერთმანეთს ახალგაზრდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა.

ამ დროისთვის ფიზიკური დაპირისპირება შეწყვეტილია, თუმცა სიტყვიერი შეურაცხყოფა ერთმანეთის მიმართ გრძელდება და ვითარება კვლავ დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულები არიან დიდი რაოდენობით  სამართალდამცველები. ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს შორის პოლიციელები დგანან და ცდილობენ არ დაუშვან ფიზიკური ანგარიშსწორება. კადრებში, რომელსაც მედია ადგილიდან ავრცელებს, ჩანს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით (თოხი, ბარი) შეიარაღებული მოსახლეობა. დმანისის მერმა დღეს დილას განაცხადა, რომ დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა და ამ კონფლიქტის გადატანა ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში არასწორი იქნება.

დმანისის პოლიციის უფროსმა ამ წუთებში მოსახლეობას მიმართა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ვითარება განმუხტულია, დაკავებული არავინ არის; მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და თვითმხილველთა გამოკითხვა. პრევენციის მიზნით, სამართალდამცველები ადგილზე რჩებიან.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close