პოლონეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქე იპოვეს
ზუგდიდელი პაატა ჩიქობავა, რომელსაც ოჯახი ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა, იპოვეს. როგორც „იმედინიუსს“ ჩიქობავას ახლობელმა განუცხადა, იგი პოლონეთშია და დაკავებულია. მისივე თქმით, დეტალებზე მხოლოდ მაშინ ისაუბრებს, როდესაც პოზნანში ჩავა და საქმის ვითარებაში გაერკვევა.
არსებული ინფორმაციით, პაატა ჩიქობავა 2018 წელს ჩავიდა პოლონეთში სამუშაოდ და ბოლო სამი წელია, იქ ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი 18 აპრილს გავიდა სახლიდან და ახლობლებს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია 15 დღის განმავლობაში არ ჰქონდათ.
დაკარგული მამაკაცის მეგობრებმა „კურიერთან” საუბრისას თქვეს, რომ პაატა ჩიქობავა ბოლოს ერთ-ერთ მეგობარს 18 აპრილს დაუკავშირდა და უთხრა, რომ პოზნანიდან 150 კმ-ის დაშორებით იმყოფებოდა, ამის შემდეგ კი მას 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ვეღარ დაუკავშირდნენ ტელეფონზე. დღეს გაირკვა, რომ იგი დაკავებულია და პოლიციაში იმყოფება.
კომენტარები