fbpx
სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირი მოიგო და მსოფლიო რეიტინგში 4 ქულით წინ წაიწია(ვიდეო)

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიპოვა. მიუნხენის ATP250 კატეგორიის ტურნირის ფინალში მან გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი ორ სეტში დაამარცხა.

ტურნირის მსვლელობისას ბასილაშვილი შესანიშნავად ათამაშდა საკუთარ მოწოდებაზე და ბოლო ორ შეხვედრაში არცერთი საკუთარი გეიმი არ წაუგია. იგივე ხდებოდა შტრუფის წინააღმდეგ პირველ სეტში – ქართველმა თავის გეიმებში მხოლოდ სამი ქულა წააგო და სამივე პირველ მოწოდებაზე, მეორე ბურთზე კი ექვსიდან ექვსი ქულა აიღო. შტრუფიც არ გამოიყურებოდა ცუდად საკუთარ გეიმებში, მაგრამ ერთი ბრეიკ-პოინტი მაინც მისცა ბასილაშვილს – ეს პირველ გეიმში მოხდა და ქართველმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. სწორედ ეს ბრეიკი აღმოჩნდა გადამწყვეტი საწყის პარტიაში.

მეორე სეტში შტრუფმა მოუმატა თამაშს, უფრო მეტად უძალიანდებოდა მეტოქეს მის მოწოდებაზე და მეექვსე გეიმში მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ვერ შეძლო მისი გამოყენება. მეორე პარტიაში ყველაზე რთული გეიმი სწორედ ეს იყო და ამის შემდეგ, მეტოქეები იოლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს, შესაბამისად საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქაც ორივე დამაჯერებლად გამოიყურებოდა თავის მოწოდებაზე. პირველი შეცდომა შტრუფმა დაუშვა – ბასილაშვილმა მეცხრე გათამაშებაში მინი-ბრეიკი შეასრულა, შემდეგ თავისი მოწოდებაც მოიგო და 6:4-ზე ორმაგი მატჩბოლი მოიპოვა. ნიკამ მეორე ცდაზე შეძლო მატჩისა და ტურნირის მოგება – 6:4, 7:6 (5). მატჩი საათი და 28 წუთი გრძელდებოდა.

საინტერესოა, რომ ეს არის ბასილაშვილის კარიერაში პირველი ტიტულია, რომელიც მან სეტის წაუგებლად მოიგო.

მიუნხენში ტრიუმფის წყალობით, ბასილაშვილი ახალ რეიტინგში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდება, ოთხ პოზიციას მოიგებს და 31-ე ნომერი გახდება, რაც საშუალებას მისცემს, როლან გაროსზე განთესილებს შორის მოხვდეს.

ბასილაშვილის შემდეგი ტურნირი მადრიდის მასტერსი იქნება, რომელიც 2 მაისს დაიწყო. იქ პირველ წრეში ქართველი ფრანგ ბენუა პერს შეხვდება, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 35-ე ნომერია.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close