მსოფლიოპოლიტიკა

აშშ-ში ვაქცინირებულ ადამიანებს გარეთ გასვლა პირბადის გარეშე შეუძლიათ

დასავლეთ ვირჯინიის შტატში ახალგაზრდებს აცრისთვის 100 დოლარს მისცემენ

აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს ქუჩაში პირბადის გარეშე შეუძლიათ გასვლა. ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის მარეგულირებელმა და პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადეს.

ამასთან, კვლავ სავალდებულო იქნება პირბადის ტარება ხალხმრავალ  საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ამის აუცილებლობა არსებობს.

„დღეიდან პირბადის ტარება საჭირო აღარ არის, თუ ხართ სრულად ვაქცინირებული და გარეთ, არახალხმრავალ ადგილას იმყოფებით. მინდა გარკვევით ვთქვა: თუ იმყოფებით ხალხმრავალ ადგილას, მაგალითად, სტადიონზე, კონფერენციასა და კონცერტზე, პირბადის ტარება კვლავ საჭიროა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში ზრდასრული მოქალაქეების ნახევარზე მეტს, მინიმუმ 140 მლნ ადამიანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე აქვს გაკეთებული, 29% კი სრულად ვაქცინირებულია. შეგახსენებთ, რომ ვაქცინაცია აშშ-ში სამი ავტორიზებული ვაქცინით მიმიდინარეობს – „ფაიზერ“/„ბიონტექით“, „მოდერნათი“ (ორივე ორ დოზად კეთდება)  და „ჯონსონ ენდ ჯონსონით“ (ერთ დოზად კეთდება).

ჯო ბაიდენის განცხადებით, ჯანდაცვის საკითხებში განახლებული რეკომენდაცია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგია. მისი თქმით, ქვეყანამ „გასაოცარ პროგრესს“ თითოეული მოქალაქის დახმარებით მიაღწია. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად იკლო და ხანდაზმულ მოქალაქეებში სიკვდილიანობა 80%-ით შემცირდა.

მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, აშშ-ში სრულად ვაქცინირებულებისთვის დასაშვებია ღია სივრცეში მცირე შეკრებებიც ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად (რა თქმა უნდა, შეკრების ყველა მონაწილე სრულად ვაქცინირებული უნდა იყოს).

აშშ-ში ვაქცინაცია სრული ტემპით მიმდინარეობს, თუმცა როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ადამიანები არც ისე ხალისით თანხმდებიან აცრას. ახალგაზრდების მოტივირებისთვის დასავლეთ ვირჯინიის შტატის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, 16-იდან 35 წლამდე ასაკის ყველა ადამიანს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს, ფულადი ბონუსი – 100 დოლარი მისცეს. შტატის გუბერნატორის, ჯიმ ჯასტის განმარტებით, ასე აპირებს დასავლეთ ვირჯინიის ხელისუფლება პანდემიასთან აქტიური ბრძოლისთვის ახალგაზრდების მოტივირებას. მისივე თქმით, ამ ბრძოლაში რეალური წარმატების მისაღწევად  საჭიროა ახალგაზრდა ადამიანების აცრა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი: ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ ზაფხულს კვლავ გაუხსნას საზღვრები ტურისტებს ოკეანის გაღმიდან, აშშ-იდან. ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ ეს ნებართვა ძალაში შევა  იმ შემთხვევაში, თუ ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს არსებული პანდემიური სიტუაცია ამის საშუალებს მისცემთ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close