ანა ჯაბაური: „ჩვენს მეგობრებს ჩემი და ცოტნეს საწოლი დამწვარი დახვდათ…“ – რა მოხდა კოლხურ კოშკში?
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შუათანა ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური მას შემდეგ, რაც ცოტნე დაჭრეს, მას გვერდიდან არ მოშორებია, დღესაც მასთან ერთად იმყოფება გერმანიაში. „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ანა ჰყვება, რომ ცოტნე ტრაგიკულ შემთხვევამდე მეღვინეობით იყო გატაცებული.
„ცოტნეს ჰობი მეღვინეობა იყო, ბოლო წლებში კი პროფესიონალურად მიუდგა საკითხს – აგრარულ უნივერსიტეტში დაამთავრა მეღვინეობის ერთწლიანი კურსი, სრულყოფილი ცოდნის მისაღებად ქიმიის პროფესორთანაც კი დაიწყო სიარული ინდივიდუალურ გაკვეთილებზე… ამის შემდეგ ჩამოასხა მაღალი ხარისხის ექსკლუზიური ღვინო „ოჯალეში“, ამზადებდა საუცხოო ხარისხის ევროპულად დაყენებულ ღვინოებს.
იმ ავადსახსენებელ დღემდე ერთი თვით ადრე დიდი ხნის ნატვრა აისრულა – სატვირთო მანქანებით მაღალი ხარისხის მიწა მოატანინა, შემდეგ საგანგებოდ შეარჩია ნერგები და რამდენიმე მეგობრის დახმარებით კოლხური კოშკის ეზოში ვაზი ჩაყარა. ყოველ მტკაველ მიწას თავს დასტრიალებდა და ეფერებოდა…
ცოტნეს მეგობრები ჩვენი თურქეთის კლინიკაში ყოფნის პერიოდშიც უვლიდნენ ვაზს, მაგრამ ერთხელაც ჭიშკარი გატეხილი, ვაზი აჩეხილი და ჩემი და ცოტნეს საწოლი დამწვარი დახვდათ. ეს ინფორმაცია მეზობლებმა და ცოტნეს მეგობრებმა მომაწოდეს. მომხდარი მხოლოდ მას შემდეგ დავიჯერე, რაც ფოტოები გამომიგზავნეს. ვფიქრობ, ამის გაკეთება მხოლოდ შინაურს შეეძლო“, – ამბობს ანა ჯაბაური.
ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს ვერაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად საქართველოში, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთში, სადაც ის ივლისამდე იმყოფებოდა. ამჟამად ცოტნე გამსახურდია გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგის ერთ-ერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში (Kliniken Schmieder Heidelberg) აგრძელებს რეაბილიტაციას.
კომენტარები