დაამარცხა თუ არა ისრაელმა კორონავირუსი და რამ განაპირობა ამ „ომში“ მისი წარმატება?
ინტერვიუ ისრაელში მოღვაწე ქართველ ექიმთან, ირაკლი კილაძესთან
ისრაელში დიდი კოვიდკლინიკების უმეტესობა დაიხურა დაავადებულთა რიცხვის სიმცირის გამო, პირბადის ტარება ქუჩაში სავალდებულო აღარ არის, ყველა სკოლაში განახლდა მერხთან სწავლა, კომენდანტის საათი მოხსნილია… ორივე დოზით აცრილია ზრდასრული მოსახლეობის (16 წელზე მეტი ასაკის) 73%-ზე მეტი. შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ისრაელმა კორონავირუსი დაამარცხა?
ისრაელში დღეს არსებულ სიტუაციაზე და პანდემიასთან ბრძოლაში მისი წარმატების ძირითად ასპექტებზე ქართველი ექიმი ირაკლი კილაძე გვესაუბრება. ირაკლი კილაძე წლებია, ისრაელში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი სამედიცინო საქმიანობის გარდა საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწევა – ისრაელის ქართული დიასპორული ორგანიზაცია „მამულის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. მანვე ისრაელში, ქალაქ ლოდში პირველმა გახსნა ქართული საკვირაო (საშაბათო) სკოლა.
ბატონო ირაკლი, როგორც ცნობილია, ისრაელი წარმატებით ახორციელებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. რა მდგომარეობაა ამ მხრივ, რომელი ასაკობრივი ჯგუფები აცრეს, როგორია სტატისტიკური მონაცემები?
ისრაელში უკვე აცრილია 90 წელს ზემოთ მოსახლეობის, ფაქტობრივად, 100%, 80 წელს ზემოთ – 90%-ზე მეტი, მთლიანობაში ამ დროისთვის ორივე დოზით აცრილია მოზრდილი მოსახლეობის (16 წელზე მეტი ასაკის) 73%-ზე მეტი.
16 წლამდე არ ცრიან, ხომ?
ჯერ არა, თუმცა გამოვიდა ისრაელელი ექიმების მონოგრაფიები, კვლევები, რომ 12-იდან 15 წლამდე აცრა უსაფრთხოა და შესაძლებელია ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის ჩატარება. ჯერჯერობით არ ცრიან, მომავალში რა იქნება, ვნახოთ.
როგორც ვიცი, არალეგალურ მიგრანტებსაც ცრიან.
კი, არალეგალური მიგრანტებიც აცრეს.
თავად, როგორც ექიმი, ალბათ პირველ რიგში გაიკეთეთ აცრა.
დიახ, პირველი აცრა დეკემბერში გავიკეთე, მეორე – იანვარში. ისრაელში 9 დეკემბერს ჩამოვიდა „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი პარტია – 100 ათასი დოზა, 20-ში დაიწყო ვაქცინაცია და მე 27 დეკემბერს უკვე გავიკეთე აცრა.
გქონდათ რამე გვერდითი რეაქციები?
არავითარი, მცირედ მტკიოდა ნანემსარი მხოლოდ. ჩემს ირგვლივ, ჩემებს, შინაურებს არავის არანაირი გვერდითი ეფექტი არ ჰქონია, სამსახურში ჩვენთან ძალიან ბევრს ჰქონდა მცირე რეაქცია, სიცხე და სისუსტე ორი-სამი დღე… ადამიანები ვართ, შეიძლება ზოგიერთმა შემთხვევითაც ისარგებლა, თქვა, რომ შეუძლოდ იყო და არ მოდიოდა სამსახურში – ასეთ ფაქტებსაც არ გამოვრიცხავ. ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს ახლობლებს არავის ჰქონია მსგავსი ჩივილები.
ისრაელი რომელი ვაქცინებით ცრის მოსახლეობას?
ისრაელში აცრა ტარდება მხოლოდ „ფაიზერის“ (Pfizer-BioNtech-ის) ვაქცინით. ერთ-ერთ საავადმყოფოს ჰქონდა შეძენილი რუსული „სპუტნიკიც“, იმიტომ რომ აქაც ძალიან ხშირია ინტერესები, ამ საავადმყოფოს აქვს ფილიალი მოსკოვში და შემოიტანეს რაღაც არხებით, მაგრამ „სპუტნიკი“, თუ არ ვცდები, გადაულოცეს პალესტინის ავტონომიას – მიყიდეს თუ აჩუქეს, არ ვიცი. სხვათა შორის, პალესტინის ავტონომიასაც დაეხმარა ისრაელი სამედიცინო პერსონალის აცრით.
ძალიან საინტერესოა, როგორ მოახერხა ისრაელმა, რომ საჭირო რაოდენობის „ფაიზერის“ ვაქცინა შემოიტანა ქვეყანაში. საქართველოში, მოგეხსენებათ, პრობლემა შეგვექმნა, როგორც ამბობდნენ, მარტის შუა რიცხვებში „ფაიზერი“ უნდა შემოსულიყო, მაგრამ არ შემოვიდა. არ ვიცი, არასწორად შევსებული მოთხოვნის პრობლემა იყო თუ სხვა პრობლემა, ამას თავი დავანებოთ… ანალოგიური პრობლემა შეექმნათ ევროპის ქვეყნებსაც, რომ კომპანია Pfizer-BioNtech-მა კონტრაქტით გათვალისწინებული რაოდენობები დროულად არ მიაწოდა. როგორ მოახერხა ისრაელმა, რომ ყველაზე პირველმა მიიღო საჭირო რაოდენობის ვაქცინა?
მთავარი, როგორც გითხარით – ეს იყო სწორი პოლიტიკა, პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს პირად კონტროლზე იყო საკითხი. როგორც თვითონ ამბობს, ყოველდღე და ხან დღეში რამდენჯერმე ურეკავდა „ფაიზერის“ დირექტორს.
ანუ პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა კომპანიასთან და არავითარი „კოვაქსები“ და მსგავსი პლატფორმები?
დიახ, პირდაპირ კომპანიასთან ჰქონდა კონტაქტი. მეორე, და მთავარი: ეს საქმე – ვაქცინის შემოტანა ოფიციალურად დავალებული ჰქონდა ისრაელის საგარეო დაზვერვას – მოსადს. შემდეგ ლოჯისტიკა და გაკეთება – ეს უკვე სამედიცინო სფეროს საქმეა.
ასე მიუდგა ისრაელის სახელმწიფო ამ პრობლემას, ამიტომ აჯობეს ყველას, იგივე, გამჭრიახობით, ფულით – ორმაგი გადაიხადა (ზუსტად რამდენი გადაიხადეს, არ ვიცი, მაგრამ ოფიციალურად გამოცხადებულ ფასზე მეტი რომ გადაიხადა, ეს ვიცი). და თავისთავად, მოსადმა, როგორც ყოველთვის, ივაჟკაცა. აი, ეს არის – როდესაც ხელისუფლებას აქვს სურვილი და გონიერია, იცის, რა გზებით მიაღწიოს წარმატებას, შედეგსაც იღებს. გამჭრიახობაზეც არის ეს, მოხერხებულობაზეც, გრძელვადიან გათვლებზეც, ფულის დახარჯვაზეც – ნეთანიაჰუმ აზრი ჰკითხა იმ ხალხს, ვისაც ჭკუა მოეკითხებოდა. ეს არის ზუსტად ჭკვიანი ხელისუფალი – ჰკითხო იმ ხალხს, ვისაც ესმის საკითხი. ჰკითხა ექიმებს და ექიმებმა უთხრეს, რომ ვაქცინაცია არის პრობლემის გადაჭრის ნომერ პირველი გზა (ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვასთან ერთად).
უპირველესი პრობლემა ქვეყანაში იყო ვაქცინის მოპოვება და განსხვავებით ამირან გამყრელიძისგან, რომელმაც თქვა, ერთ-ერთი პირველი ვიქნებით, ვინც ვაქცინას შემოიტანს და ვაქცინაციას დაიწყებსო, ისრაელმა თქვა და კიდევაც შეასრულა!
და კიდევ: კომპანია „ფაიზერისთვისაც“ კარგი არჩევანი იყო ისრაელი, მცირე მოსახლეობით (9 მლნ) და გამართული ჯანდაცვის სისტემით. ასე რომ, ასეთი თანამშრომლობა ორმხრივ საინტერესო იყო.
ვფიქრობ, ისრაელში იმ ფაქტმაც კარგი ზეგავლენა მოახდინა მოსახლეობის ნდობაზე ვაქცინის მიმართ, რომ ალბათ ლეტალური შემთხვევა არ ყოფილა აცრის შედეგად…
არა, როგორ არ ყოფილა, სამწუხაროდ, იყო ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ ძალიან ცოტა.
რა სახის გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა, ზოგადად, აცრების შედეგად?
ანაფილაქსიური რეაქცია. როგორც წესი, ერთადერთი უკუჩვენება აქვს „ფაიზერის“ პრეპარატით აცრას: თუ ადამიანს ჰქონდა ანაფილაქსიური შოკის ისტორია, როდესაც დასჭირდა სამედიცინო დახმარება და კრიტიკული მედიცინის ჩართვა – რეანიმაციული ღონისძიებები, „ფაიზერის“ პრეპარატით აცრამ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ისევ გამოიწვიოს ანაფილაქსია, ხოლო ლეტალური შედეგი დგება მაშინ, როდესაც ვერ ხდება მისი დროული კუპირება. ქართველი ექთანი რომ გარდაიცვალა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ, სიმართლე გითხრათ, ძალიან მაინტერესებს, რა დასკვნა არსებობს. ისრაელშიც იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა, პირველი აცრის შემდეგაც მოხდა, მეორე აცრის შემდეგაც იყო ლეტალური შემთხვევა, თუმცა ერთეული შემთხვევებია და ამ დროს მილიონობით აცრა ჩატარდა. საერთოდ კი, წამალი რომ აიღო ჩვეულებრივი, იმას მეტი გართულება აქვს, ვიდრე ამ აცრას. იყო ერთეული შემთხვევები გარდაცვალებისაც, ანაფილაქსიისაც, დასჭირდათ რეანიმაციაც… მაგრამ ერთ-ორი შემთხვევა, როცა მილიონ აცრას აკეთებ, ხუთ მილიონ მოსახლეობაში, ძალიან ცოტაა. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, ენა ადვილად ამბობს და იმ ადამიანებისთვის დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ სტატისტიკურად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ფაქტობრივად, თითქმის არავითარი გართულება არ ყოფილა ვაქცინაციის პროცესში.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაციის დასაწისში საუბარი იყო ვაქცინირებულთა წახალისებაზე (მათთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქებაზე და ერთგვარ ბონუსებზე, როგორიცაა გარკვეული ფასდაკლებები თეატრის, კინოს, გამოფენების ბილეთებზე და ა. შ). ეს სქემა დამტკიცდა თუ ჯერჯერობით ისევ განიხილება?
ნამდვილად იყო ასეთი მსჯელობა მთავრობაში და სათანადო წრეებში… მე არ განმიხილია ეს საკითხი, იმიტომ, რომ ჩემთვის მთავარი იყო აცრა, მაგრამ ზოგიერთისთვის მართლა იყო მნიშვნელოვანი პირობა, ვთქვათ, უფასო დათვალიერება მუზეუმების, წარმოდგენებზე დასწრება… ამწუთას დივიდენდი ის არის, რომ, თუ აცრილი ხარ, შეგიძლია შეხვიდე დახურულ სივრცეში ისე, რომ ნიღაბი არ გეკეთოს – მაგალითად, რესტორანში დაშვებულია უკვე. როგორც მოგეხსენებათ, ქუჩაში ნიღბის ტარება ამ კვირიდან (18 აპრილი) უკვე აღარ არის სავალდებულო და ეს დიდი შეღავათია ბევრისთვის, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისრაელში ტემპერატურა უკვე 34 გრადუსს აღწევს; აცრილებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულთან, კარანტინი, ორკვირიანი იზოლაცია არ ეხებათ, საზღვარგარეთ წასვლაც შეუძლიათ უკვე. განიხილებოდა ფულადი პრემიის შეთავაზებაც, მაგრამ რეალურად არ წასულა მაგაზე საქმე, რომ ფული გადაეხადათ.
ისრაელში გაიმარჯვა იმ აზრმა, რომ გვინდა მალე დავუბრუნდეთ ძველ ცხოვრებას! – თორემ აქაც პრობლემა იყო თავიდან აცრაზე, ცოტა სკეპტიკურად იყო საზოგადოება განწყობილი, იმიტომ რომ ჩვენ პოლიგონად ჩავითვალეთ, ფაქტობრივად, პირველები ვიყავით და ადამიანები ამბობდნენ, ჩვენ რა, გამოსაცდელები ვართო – იყო ასეთი საუბარიც, იმიტომ, რომ ერთ-ერთმა პირველმა ისრაელმა დაიწყო ასე მაშტაბურად აცრა, მაგრამ იმდენად დიდი ნდობა აქვს სამედიცინო სისტემას ისრაელში, ექიმის მიმართ იმხელა ნდობა არსებობს, რომ ამან შედეგი გამოიღო.
თქვენ თავად როგორ უყურებთ ამგვარ მიდგომას, აუცილებელია თუ არა ე. წ. „ჯანმრთელობის პასპორტი“?
უკვე კარგა ხანია, ისრაელში არსებობს აცრის სერტიფიკატი, ე. წ. „მწვანე ბარათი“. მე ავიღე თებერვალში. მეორე აცრიდან ერთი კვირა თუ არის გასული, შეგიძლია შეხვიდე ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე და მეილით გიგზავნიან ამ „მწვანე ბარათს“. ამობეჭდავ ფურცელზე, შტრიხკოდი აქვს, წერია, როდის გაიკეთე აცრები, რა აცრა გაიკეთე, რა დოზა, ამპულის ნომერი და ყველაფერი მითითებულია; აცრის შესახებ ინფორმაციის გარდა მოცემულია გადატანილი დაავადების ისტორიაც – თუ კოვიდი გადაიტანა მოქალაქემ.
ძალიან საინტერესოა, კვლევები თუ ჩატარდა ისრაელში, აცრის შემდეგ – პირველი დოზის, ან ორივე დოზის მიღების შემდეგ – თუ დაინფიცირდნენ ადამიანები, არსებობს მონაცემები?
რა თქმა უნდა, იყო დაინფიცირების შემთხვევებიც პირველი აცრის შემდეგ, მეორე აცრის შემდეგაც, თუმცა, ძირითადად, დაავადების მიმდინარეობა იყო მსუბუქი. ეს ფაქტი ნამდვილად დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ აცრის შემდეგ თუ მაინც შეხვდა ვირუსი ადამიანს, დაავადება ძალიან იოლ ფორმებში მიდის.
ისრაელელი მეცნიერები თუ მუშაობენ კოვიდის სამკურნალო პრეპარატის შექმნაზე და არის რაიმე წინსვლა ამ მიმართულებით?
მედიცინას უმეტესად აქცენტი გადატანილი აქვს პრევენციაზე. ისრაელის ჯანდაცვის სისტემის წარმატების ერთ-ერთი საფუძველია პრევენცია. ამ ვირუსის შემთხვევაშიც პრობლემის გადაწყვეტის ძირითადი გზა არის პრევენცია. მკურნალობის შემდეგ იმდენად რთული რაღაცები ირთვება, რომ ძალიან ძნელია დაავადებაზე გამარჯვება. უმჯობესია, არ მივიყვანოთ საქმე დაავადებამდე, ამიტომ არის, რომ ვაქცინა უფრო აქტუალურია, უფრო საჭიროა. ვაქცინა არის პრობლემის ნომერ პირველი გადამჭრელი, თავისთავად, ნიღაბი და დისტანცია, რაც დადასტურდა ფაქტობრივადაც. შარშან სეზონური გრიპის ეპიდემიები არ ყოფილა მსოფლიოში და ეს მარტივმა დაცვამ გააკეთა – ნიღაბმა და დიტანციამ, თორემ გრიპისგანაც არანაკლები გართულება შეიძლება განვითარდეს და არანაკლები ადამიანები იღუპებიან. სამ მილიონზე მეტია გარდაცვლილი კოვიდისგან მსოფლიოში, მეტი რაღა ფაქტი გვინდა?! კი არ უნდა შევშინდეთ, უნდა ვიბრძოლოთ და სწორად უნდა ვიმოქმედოთ. არ შეიძლება ემოციები, ლანძღვა და ერთმანეთის ჯიბრი, ახლა საჭიროა გაერთიანება.
ალბათ საქართველოში არსებულ სიტუაციას გულისხმობთ – პოლიტიკურ კრიზისს, მიტინგებს, დაპირისპირებებს… თქვენ, როგორც საქართველოს გულშემატკივარი, რას ეტყოდით ქართველებს? – ხალხს, კოლეგებს, მთავრობას…
აქამდე თავს ვიკავებდი კომენტარებისგან, როდესაც მედიის წარმომადგენლები მიკავშირდებოდნენ, რადგან თუ ვიტყოდი, უნდა მეკრიტიკებინა, მაგრამ მაშინ კრიტიკის დრო არ იყო. ახლა უფრო აქტიური ვარ. როგორც ექიმი, არ ვერევი არაფერში, არავის ვასწავლი ჭკუას, როგორ უნდა ვუმკურნალოთ და სხვ. მაგრამ ახლა ვსაუბრობ ისრაელის მაგალითზე, ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას, მედიაში ხშირად გამოვიდე, მათ შორის, ტელევიზიითაც, რომ ისრაელის რეალობაზე ვსაუბრობ და არაფერს ვიგონებ. თუ სახლმწიფოებრივი მიდგმა არ შეიცვალა, ნამახვანჰესზე არ გააჩერეს ეს ხალხი, მიტინგები თუ არ შეწყდა, არ გამოვა არაფერი, ჩემო კარგო, ძალიან გაუჭირდება ქვეყანას. საბრინას კონცერტი მახსენდება ბათუმში, როდესაც აფხაზეთში გაქანებული ომი იყო – არ შეიძლება, ნახევარმა ქვეყანამ იომოს, ნახევარს ფეხებზე ეკიდოს, ნახევარი გრიალებდეს და როგორც ხდება, რა… ახლაც ომში ვართ, ესეც ომია, პანდემიასთან ბრძოლა.
სანამ მისიანს არ დაემართება კოვიდი, სანამ მისი ახლობელი არ დაიღუპება ამ სენისგან, ბევრს კიდევ ვერ წარმოუდგენია, რამხელა პრობლემასთან გვაქვს საქმე და არ იკეთებს ხალხი აცრას… მე ვფიქრობ, მაინც ხელისუფლებისგან მოდის პრობლემა. ხელისუფლებამ ხალხის ნდობა უნდა მოიპოვოს. შენ რომ ხელისუფლება ხარ, ყველას თანაბარი არჩევანი უნდა მისცე – არ აქვს მნიშვნელობა, გაიკეთებს ის თუ არა. 3,5 მილიონი ვართ ქართველები, დოზა უნდა უნდა იყოს ვაქცინის სათანადო… არ შეიძლება იყოს, სიტყვაზე, 10 ათასი „ფაიზერი“, 20 ათასი „ასტრაზენეკა“ და 40 ათასი, ვთქვათ, „სინოფარმი“. ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი არჩევანის საშუალება!
და, თავისთავად ცხადია, რეგულაციების დაცვა ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს. სანამ ორმაგი სტანდარტი იქნება – ვიღაც ქეიფობს, ვიღაც წვეულებებს აწყობს… ასე არ გამოვა!
ისე არ გამიგოთ, თითქოს ვამბობდე, რომ ისრაელი იდეალური ქვეყანაა – აქაც უამრავი პრობლემაა, ექსპრეზიდენტი ციხეშია, იმის წინამორბედიც პატიმარი იყო, პრემიერ-მინისტრი ეჭვმიტანილია კორუფციაში – კიდევ რამდენი ჩამოვთვალო!.. აქაც პოლიტიკური კრიზისია, 2 წელიწადში უკვე მე-4 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მარტში და კიდევ მეხუთის მოლოდინში ვართ… მიუხედავად ამისა, ძლიერი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი სისტემები გამართულად მუშაობენ და ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, რომელი პარტია იქნება სათავეში – ქვეყნის უსაფრთხოება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, მყარი საბანკო სისტემა განაპირობებს სტაბილურობის შეგრძნებას და ხვალინდელი დღის არ გეშინია. მე ასე მგონია, ებრაელებს ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა და ეს არის ამ ქვეყნის წარმატების მიზეზი.
ისრაელში არის ის სისტემა, რის არქონასაც ვუწუნებ საქართველოს. ჩამოვიდა ვაქცინის პირველი პარტია და პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე ერთად დახვდნენ აეროპორტში ტვირთს. რამდენიმე დღეში, 19 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირველმა გაიკეთა ვაქცინა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში – ამით შენ ეუბნები შენს მოსახლეობას, რომ ეს კარგია და აგერ, მე ვარ გარანტი.
საქართველოში მთავრობის მეთაურებსაც პირველ რიგში უნდა გაეკეთებინათ აცრა, ისინი უნდა ყოფილიყვნენ მაგალითი. ზოგს გადატანილი ჰქონდა, მესმის, მაგრამ ვისაც არ ჰქონდა გადატანილი… ამ ისედაც ეჭვიან სამყაროში – 21-ე საუკუნის თვისებაა, ზოგადად, უნდობლობა, ეს ფაქტია, – ადამიანების ნდობის მოპოვებაა საჭირო. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა, როცა ქვეყანაში შემოვიდა „ასტრაზენეკა“ და თქვა, რიგი რომ მომიწევს, მაშინ გავიკეთებო. ასაკობრივად დიდხანს არ მოუწევდა, ცხადია. ეს არასწორი მიდგომაა.
გაიკეთა აცრა „ასტრაზენეკას“ პრეპარატით ჯანდაცვის მინისტრმა.
კი, მერე გაიკეთა, ეტყობა, უთხრეს, არა ხარ სწორიო, ან თვითონ მიხვდა… თუმცა მისი განცხადება იყო შეცდომა.
ვერ თვლიან წინასწარ რეაქციას და ეს შეცდომები იწვევს უნდობლობას. ჩასაფრებული კი არ არის ხალხი, მაგრამ როცა ბევრი კითხვაა და ასეთი წელი გავიარეთ მსოფლიომ, საოცარი წელი, საშინელებათა ფილმების მსგავსი სურათი იყო – ეს დაცარიელებული ქალაქები, პანიკაში ჩავარდნილი ხალხი, ყველაფერი გაჩერებული… ბევრი კითხვაა და ყველაფერი უნდა იყოს გახსნილი. მე არ ვამბობ, სახელმწიფო საიდუმლოებები გაამჟღავნეთ-მეთქი, მაგრამ ამგვარ კითხვებზე ორჭოფული პასუხები რომაა და ატყუებ ხალხს, ძალიან თვალშისაცემია.
სხვათა შორის, მართლა ძალიან ბევრი მეგობარი, ექიმიც და არაექიმიც მირეკავს რჩევისთვის აცრამდე და მერე ვეკითხები ხოლმე, როგორ ჩაიარა ვაქცინაციამ. ძალიან ბევრი მიუთითებს, რომ მოსაცდელში არის კოშმარული სიტუაცია, ძალიან ბევრი ადამიანია შესული ამ პატარა სივრცეში, თავისთავად, აუცრელები არიან და ეს საფრთხეს ქმნის.
სამედიცინო პერსონალი თვითონ არღვევს იმ ძირითად დაცვის ზომას, როგორიც არის დისტანცია – ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი. მერე ხდება ქართული ვარიანტები – ვიღაც ნათესავი შემოიყვანეს, ამას გაუკეთე ჯერ, იმას გაუკეთე… არ შეიძლება ასეთი რამეები! მსოფლიო არის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლაში, ერთიანობის გარეშე ამ ომსაც ვერ მოიგებ, რასაც ჰქვია კორონავირუსთან ომი, თუ არ იქნა ერთიანი საზოგადოება, მთავრობა… ახლა არ შეიძლება მკვეთრი მოძრაობები – ჯანდაცვის მინისტრის მოხსნა და ა. შ. აცრის პერიოდში უნდა იყოს გაწიკწიკებული ყველაფერი. შენ თუ აცრის პერიოდში ინსტრუქციებს არ იცავ და ზედახორა გაქვს რიგში, რა გარანტიაა, რომ იქ არ დაავადდებიან ადამიანები და რა ეფექტი აქვს მაშინ ვაქცინაციას?! აბა, მოუწოდე, ექიმი რომ ხარ, არ შემოხვიდე აქ, თუ შემოვა – არ შემოვა!
და ბოლოს გაჭირვებული ვინ იქნება და – ისევ საწყალი ხალხი, თორემ ვისაც ფული აქვს, გზას მოძებნის და გააკეთებს ყველაფერს. ინფორმირებულობა მეტი უნდა იყოს. ყოველ 15 წუთში, ნახევარ საათში უნდა გამოდიოდნენ ექიმები და განმარტავდნენ, როგორ კეთდება აცრა, მულაჟებივით, რა გართულებებია, როგორ უნდა დაიცვა დისტანცია და ა. შ.
კომენდანტის საათი არის ისევ ისრაელში თუ მოიხსნა? რა შეზღუდვები რჩება და როდისთვის აპირებენ მოხსნას? თქვენ, როგორც ისრაელის მოქალაქეს და ისრაელში მცხოვრებ ექიმს, შეგიძლიათ თქვათ, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, მიდის იქითკენ, რომ ეპიდემიას მალე დაამარცხებს?
კომენდანტის საათი დიდი ხანია მოიხსნა. ამჟამად დიდი კოვიდკლინიკების უმეტესობა დაიხურა, აღარ არის საჭიროება, რადგან აღარ არიან დაავადებულები. 20 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში 52588 ტესტი ჩატარდა და პოზიტიური იყო მხოლოდ 149, ანუ დადებითობის მაჩვენებლი იყო 0,28%. ეს ძალიან ცოტაა. ამჟამად არის 2206 აქტიური პაციენტი და მათგან საავადმყოფოში მკურნალობს 293 – ანუ დაახლოებით 13%, რეანიმაციაშია 112. ინფექციის მაჩვენებლები არის მკვეთრად შემცირებული და ეს არის ვაქცინაციის დადებითი ეფექტი. როგორც იცით, მოიხსნა ქუჩაში პირბადის ტარების ვალდებულება, გაიხსნა მერხთან სწავლა ყველა სკოლაში, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები რჩება. ფესახის დღესასწაულზეც (ფესახის დღესასწაული (ქართ. პასექი) ეგვიპტიდან გამოსვლას უკავშირდება, წელს აღინიშნა 27 მარტიდან – 4 აპრილამდე – ნ. ლ.) იყო შეზღუდვები: დახურულ სივრცეში დასაშვები იყო 10 კაცამდე და ღია სივრცეში – 50 კაცამდე, მაგრამ უკვე ეს შეზღუდვებიც იხსნება.
რაც შეეხება ეპიდემიის დამარცხებას: რა თქმა უნდა, ვითარება უკეთესობისაკენ მიდის ასეთი რეალობით, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, უნდა გავითავისოთ, რომ ვირუსი არსად წასულა და ომი გრძელდება. ამ ბოლო დროს ისრაელში გამოჩნდა ახალი, ე. წ. ინდური შტამი, რომელზეც კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, თავისთავად. ერთი რამ ცნობილია, რომ ამ შტამით დაავადებულები აცრილები არ იყვნენ. ეს ახალი შტამი უკვე დაძაბულობას იწვევს, დაიწყო საუბარი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვებზე და ტესტების აუცილებლობაზე როგორც ქვეყანაში შემოსვლისას, ისე გასვლისას. პრობლემა იარსებებს მუდმივად, უბრალოდ, მზად უნდა ვიყოთ. ოპტიმიზმის საფუძველი იქნება, როცა ყველა გაითავისებს პასუხისმგებლობას როგორც საკუთარ, ისე სხვის სიცოცხლეზე.
ერთს დავამატებ მხოლოდ: მასობრივი ვაქცინაცია უნდა იყოს ქვეყნისათვის მთავარი ამოცანა. როგორც ყველა დიდი კრიზისი, პანდემიაც იძლევა ახალ შესაძლებლობებს და იქნება ჩვენმა მთავრობამ იფიქროს, რომ ეკონომიკა მოერგოს რეალობას და ჩვენს ქვეყანას გამოადგეს, მაგალითად, ვაქცინების წარმოების ქარხნების მშენებლობა საქართველოში – ასეთი პროექტები ქვეყანასაც წაადგება და მომავალზეც გათვლილია. და კიდევ, ჩემი აზრით, კარგი იქნება, რომ შეიქმნას ვაქცინაციის ფონდი, მაგ., საქართველოს პრეზიდენტთან.
ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი
მსგავს თემაზე: ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმის წარმატებული კარიერული გზა და მთავარი ოცნება
კომენტარები