იტალიაპოლიტიკა

იტალია: კორონავირუსმა უკან დაიხია, ქვეყნის „გახსნა“ 26 აპრილიდან იწყება

Rt 0,86-მდე შემცირდა; ისევ იქნება „ყვითელი ზონები“ და რეგიონებს შორის გადაადგილება აღდგება

უპირველეს ყოვლისა, კარგი ინფორმაცია მათთვის, ვინც კამპანიაში ცხოვრობს: ორშაბათიდან რეგიონი „ნარინჯისფერ ზონაში“ გადავა და თუ ტენდენცია შენარჩუნდება, 26 აპრილიდან – „ყვითელ ზონაში“. აპულია, სარდინია და ვალე დ’აოსტა ჯერჯერობით ისევ „წითელ ზონაში“ რჩება.

საკარანტინო ზომები, რომლებიც იტალიაში COVID-19-ის პანდემიის გამო მოქმედებს, 26 აპრილიდან შემსუბუქდება. ამავე დღეს იტალიის ის რეგიონები, სადაც კორონავირუსის გავრცელების საგრძნობი შემცირება იკვეთება, ისევ ე. წ. ყვითელ ზონებში გადავა. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ 16 აპრილს კიჯის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მომავალს ფრთხილი ოპტიმიზმით უნდა შევხედოთ“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ პრიორიტეტი მიენიჭება „იმ საქმიანობებს, რომლებიც ღია ცის ქვეშ ხორციელდება და სკოლებს“.

მისი თქმით, სწავლა მერხთან განახლდება ყველა სკოლაში „ყვითელ“ და „ნარინჯისფერ“ ზონებში, „წითელ ზონებში“ კი – მერვე კლასამდე, ხოლო მაღალ კლასებში მერხთან და ონლაინ სწავლების შეფარდება იქნება 50%/50%.

ყვითელ ზონებში გაიხსნება მაღაზიები, რესტორნები და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტები, აგრეთვე, სპორტული და კულტურული დაწესებულებები.

პირველად მრავალი თვის განმავლობაში ეს ობიექტები საღამოს საათებშიც იმუშავებენ იმ პირობით, რომ კლიენტებს ჰაერზე, ღია სივრცეში მოემსახურებიან.

პრემიერ-მინისტრმა, აგრეთვე, განმარტა, რომ „ყვითელ ზონებში“ აღდგება მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება, მათ შორის, „ყვითელი ზონის“ სტატუსის მქონე რეგიონებს შორისაც, თუმცა დრაგი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ „სკრუპულოზურად“ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები – პირბადის ტარება და დისტანცია.

მთავრობის ახალი დეკრეტი, რომელშიც  ეს ყველაფერი აისახება, მომავალ სამშაბათს ან ოთხშაბათს (20-21 აპრილი) დამტკიცდება.

ტრენტინო კი უკვე ელოდება აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას – ორშაბათიდან, 19 აპრილიდან ამ რეგიონში ბარები და რესტორნები ღია ცის ქვეშ გაიხსნება სამუშაო გრაფიკით  დილის 05:00-იდან 18:00 სთ-მდე. ეს „პირველი ექსპერიმენტის“ სახით კეთდება.

კონკრეტული რეგიონის ეპიდემიოლოგიური ფერის განსაზღვრის კრიტერიუმს ინფექციის ტრანსმისიის ინდექსი –  Rt წარმოადგენს. ეს არის საბაზო მაჩვენებელი, რომელიც ერთი ადამიანის მიერ დაინფიცირებული სხვა ადამიანების საშუალო რაოდენობას განსაზღვრავს. კომპეტენტური სამედიცინო უწყებების ბოლო ინფორმაციის თანახმად,  ამჟამად იტალიაში ეს მაჩვენებელი, საშუალოდ, 0,86-მდე შემცირდა (წინა კვირაში Rt 0.92-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც მანამდე, კვირების განმავლობაში 1-ს აჭარბებდა).

იტალიის მედიასაშუალებები, სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, კონკრეტულ თარიღებს ასახელებენ, თუ როდის გაიხსნება ესა თუ ის სფერო.

15 მაისიდან იტალიაში ოფიციალურად გაიხსნება პლაჟები და ღია საცურაო აუზები. დახურული აუზები და დახურული სპორტული დარბაზები კი 1-ლი ივნისიდან გაიხსნება.

2021 წლის მაისიდან იტალიაში საზკვების ის დაწესებულებები, რომლებიც ღია სივრცეში, ღია ცის ქვეშ მდებარეობს (მათ შორის – საზაფხულო ვერანდები) ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ მუშაობას. აგრეთვე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ სიტუაციის გაუმჯობესების ტენდენცია გაგრძელდება, რესტორნები და კაფე-ბარები კლიენტების დახურულ სივრცეში მომსახურების უფლებასაც მიიღებენ.

ამ ყველაფრის მიუხედავად იტალიის ხელისუფლება, ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანცას ინფორმაციით, კომენდანტის საათის (22:00-05:00 სთ) მოხსნას ჯერ არ აპირებს, თუმცა ეს საკითხი ყოველკვირეული განხილვის საგანი იქნება და როდესაც ჩაითვლება, რომ ღამის გადაადგილების შეზღუდვის აუცილებლობა აღარ არსებობს, კომენდანტის საათიც გაუქმდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „წითელ ზონებში“ ძირითადი შეზღუდვები ისევ შენარჩუნდება.

იტალიაში აცრის კამპანიის ტემპი ყოველდღიურად იზრდება. საგანგებო სიტუაციების მართვის კომისრის განცხადებით, გუშინ, 16 აპრილს, ერთ დღეში, რეკორდული რაოდენობის აცრა გაკეთდა –  347 279. 15 აპრილის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აცრა ჩაუტარდა 10 025 605 ადამიანს (მოსახლეობის 16,60%), აქედან ორივე დოზით – 4 234 230-ს (რაც ქვეყნის მოსახლეობის 7.01%-ია).

„26 აპრილიდან იტალია ბოლოს და ბოლოს იხსნება“, – გაავრცელა ინფრომაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ თავის ფეისბუქის სტორიში: „მოდით, წინ ვიყუროთ და თავიდან დავიწყოთ“, – დაწერა მინისტრმა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close