საზოგადოებასაქართველო

რა იწვევს COVID19-ით გარდაცვალებას ყველაზე ხშირად – თენგიზ ცერცვაძემ მიზეზი დაასახელა

დაგვიანებული მიმართვა COVID19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის წერილი კლინიკის Facebook-გვერდზე განთავსდა.

ინფექციონისტის თქმით, ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში აღინიშნება COVID19-ის ახალი შემთხვევების და მისგან გამოწვეული სიკვდილობის ზრდა. რიგ ქვეყნებში უკვე დაიწყო ან იწყება ე.წ. მესამე ტალღა. საქართველო ვაქცინაციის გვიან დაწყების მიუხედავად, პანდემიის სწორი მენეჯმენტით დღემდე ინარჩუნებს ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება COVID19-ის ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია.

„თუ მისი შეჩერება ვერ მოხერხდა, მთლიანად ქვეყანა და, პირველ რიგში, კლინიკური სექტორი დადგება ახალი სერიოზული გამოწვევის წინაშე. შესაბამისად, საჭიროა ახლავე მივიღოთ ზომები COVID პაციენტების კლინიკური მართვის შემდგომი ოპტიმიზაციისთვის.

ჩვენ ჩავატარეთ ბოლო პერიოდში COVID19-ით გარდაცვალების შემთხვევების მოკლე ანალიზი, რომელმაც გვიჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევებში COVID პაციენტების გარდაცვალება გამოწვეულია COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვით, როცა პაციენტის მდგომარეობა უკვე იმდენად მძიმეა, რომ მისი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება.

COVID-კლინიკებში დაგვიანებული მომართვა ხდება ან თვითონ პაციენტის მიზეზით (უფრო ხშირად), ან სამედიცინო პერსონალის (სასწრაფო დახმარების ან ოჯახის ექიმი) მიზეზით (გაცილებით იშვიათად).

უფრო კონკრეტულად ეს მიზეზებია:

1. პაციენტი COVID-ზე საეჭვო სიმპტომებით არ იკეთებს ან დაგვიანებით იკეთებს COVID-ზე ტესტირებას.

2. პაციენტი, რომელმაც იცის COVID ტესტის დადებითი პასუხი, არ მიმართავს ექიმს და ცდილობს თვითმკურნალობას, ვიდრე ძალიან არ დამძიმდება.

3. ოჯახის ან საწრაფოს დახმარების ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, პაციენტი კატეგორიულად უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე, ვიდრე მისი მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდება.

4. იშვიათად ოჯახის ან საწრაფო დახმარების ექიმი ვერ აფასებს სათანადოდ დაავადების სიმძიმეს და დაგვიანებით ახდენს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას.

მივმართავთ თხოვნით ქვეყნის მოსახლეობას, გაითვალისწინოს ბოლო პერიოდში გაზრდილი რისკები და COVID-ზე საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე აუცილებლად ჩაიტაროს COVID-ზე ტესტირება, ხოლო ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად მიმართოს ექიმს და განუხრელად შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის, ჰოსპიტალიზაციის თაობაზე.

მივმართავთ სასწრაფო დახმარების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს, განუხრელად ისარგებლონ COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ გაიდლაინებში გაწერილი ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებით და რეკომენდაციებით და ყველა საჭირო შემთხვევაში დროულად მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე. პაციენტის ბინაზე მართვის შემთხვევაში მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ დამძიმების რისკის მქონე პაციენტებთან.

მივმართავთ COVID კლინიკებს, განუხრელად და ზედმიწევნით შეასრულონ COVID-19-ის კლინიკური მართვის სახელმძღვანელოში გაწერილი რეკომენდაციები, სრულად გამოიყენონ სტანდარტული და ინდივიდუალური თერაპიის თანამედროვე მიდგომები და შესაძლებლობები, მათ შორის: რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა და პლაზმაფერეზი, კონვალესცენტის პლაზმა, კორტიკოსტეროიდებით თერაპია ე. წ. პულსთერაპიის ჩათვლით, რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიკოაგულაციური თერაპია და სხვა“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close