fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიის პრემიერ-მინისტრი: „ერდოღანი დიქტატორია, ფონ დერ ლაიენი დაამცირეს“. თურქეთმა იტალიის ელჩი გამოიძახა

ურსულა ფონ დერ ლაიენი ერდოღანთან ქალთა უფლებებზე საუბრობდა

ანკარაში ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტის გამო „ქარიშხალი“ არ ცხრება. ამჯერად დიპლომატიური „შეტაკება“ მოხდა იტალიასა და თურქეთს შორის – იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ 7 აპრილს, საღამოს  მკაცრად გააკრიტიკა თურქეთის ლიდერი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ევროკომისიის პრეზიდენტის მიღების დროს პროტოკოლური ინციდენტის გამო და მას „დიქტატორი“ უწოდა. ამის შესახებ „ანსა“ წერს

„აბსოლუტურად არ ვეთანხმები თურქეთის პრეზიდენტის საქციელს. ძალიან ვწუხვარ იმ დამცირებისთვის, რომლის გადატანაც მოუწია პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

მარიო დრაგის თქმით, ისეთ დიქტატორებთან, როგორიც ერდოღანია, გულახდილად საუბარია საჭირო იმის თაობაზე, თუ რა ხედვები აქვს ევროკავშირს, თუმცა ამავდროულად თანამშრომლობაც საჭიროა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. „სწორი ბალანსი უნდა მოიძებნოს“, – განაცხადა მარიო დრაგიმ.

იტალიის პრემიერ-მინისტრის აღნიშნული განცხადების შემდეგ იტალიის ელჩი ანკარაში, მასიმო გაიანი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მევლუდ ჩავუშოღლუმ მას უკმაყოფილება გამოუცხადა პრემიერ-მინისტრის გამონათქვამების გამო.

დილით, ბრალდებების კასკადის შემდეგ, თურქეთმა ღიად დაუბრუნა კრიტიკა ევროკავშირის წარმომადგენლებს: „უსამართლო ბრალდებებია. შეხვედრაზე დაცული იყო პროტოკოლი“… თურქეთისა და ევროკავშირის თანამშრომლები „ვიზიტის წინ შეხვდნენ და მათი მოთხოვნები დავაკმაყოფილეთ“, – განაცხადა მევლუდ ჩავუშოღლუმ.

თუმცა ბრალდებები გრძელდება. ბრიუსელი ამტკიცებს, რომ თურქეთის მხარემ ევროკავშირის პერსონალს საბოლოო შემოწმებაზე უარი უთხრა.

8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ოფიციალური სადილის დროსაც შეიქმნა კიდევ ერთი სენსაციური ინციდენტის საფრთხე: მაგიდა 5 კაცზე იყო გაშლილი ორივე მხრიდან, ხოლო წინ იდგა ორი საპატიო სავარძელი: ერთი – შარლ მიშელისთვის, მეორე – ერდოღანისთვის, მაშინ როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გამოყოფილი იყო უფრო მცირე ზომის სავარძელი მიშელის მარჯვნივ. ორმა დიპლომატიურმა წარმომადგენელმა მიშელი მაგიდასთან მიაცილა, ფონ დერ ლაიენი კი მარტო დარჩა. უხერხული სიტუაცია ბოლო წუთს ცოტა განიმუხტა, როდესაც ერთ-ერთი თანამშრომლისთვის სკამი დაამატეს.

მიშელის ფორმალური მაღალი რანგით თავის მართლება არ არის დამაკმაყოფილებელი არგუმენტი. „ევროკომისიის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს პროტოკოლის თვალსაზრისით ერთნაირად ექცევიან~, – განაცხადა ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა ერიკ მამერმა. ნებისმიერ შემთხვევაში, გენდერული საკითხის სიმბოლური წონა შენარჩუნებულია. ერდოღანთან ფონ დერ ლაიენი საუბრობდა სტამბოლის კონვენციაზე, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და ქალთა უფლებებზე.

შეგახსენებთ საკითხის ისტორიას: 6 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალური ვიზიტით ანკარაში ჩავიდნენ. ერდოღანთან შეხვედრის დროს ევროკომისიის პრეზიდენტი სკამის გარეშე დატოვეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელი ამ ინციდენტით აშკარად გაოგნებული დარჩა. ოდნავ მოგვიანებით მას რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და შარლ მიშელისგან მცირედი დაშორებით, გრძელ ტახტზე მოუწია დაჯდომა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close