მისი მიზანი ჩემი მოკვლა იყო – 35 წლის ქალი, რომელსაც სახეზე მჟავა შეასხეს და დაწვეს, დუმილს არღვევს
ვიტრიოლის ანუ გოგირდის მჟავით დამწვარმა 35 წლის იოანამ საკუთარი ტრაგედიის შესახებ პირველი ინტერვიუ ჟურნალ Ok -ს მისცა. იოანას კოშმარი 2020 წლის 20 მაისს დაიწყო, როცა მას თავს უცნობი ქალი დაესხა და ვიტრიოლის მჟავა გადაასხა. მომხდარის გამო იოანა დიდი ხნის განმავლობაში იწვა საავადმყოფოში და სხვადასხვა ოპერაცია უტარდებოდა. ექიმები ცდილობდნენ გადაერჩინათ როგორც მისი სიცოცხლე, ასევე, შეენარჩუნებინათ სახე. ვიტრიოლის მჟავამ მისი სახის დიდი ნაწილი იმსხვერპლა, მკურნალობას იოანა დღემდე აგრძელებს.
ამ სისასტიკის სავარაუდო ჩამდენი ერთ-ერთი იურიდიული ფირმის თანამშრომელი, 35 წლის ქალია, რომელიც პოლიციამ გასული წლის ივნისში დააპატიმრა – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გასული წლის დეკემბერში იოანამ, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა მსჯავრდებულზეც, რომელიც დღემდე დუმილის უფლებას იყენებს. „ეს არ არის „არლეკინი“. ეს ჩემი ცხოვრებაა, რომელიც მან გაანადგურა და დღემდე განაგრძობს მის წინააღმდეგ წარდგენილი მტკიცებულებების უარყოფას.
„მისი მიზანი ჩემი მოკვლა იყო. როცა ვერ მომკლა, ის ეძებდა გზას, რომ დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება მოეხერხებინა. ჩემი ნათესავებისგან არკვევდა, თუ როგორ შეძლებდა საავადმყოფოში ჩემს „მოსანახულებლად“ მოსვლას“, – ამბობს ჟურნალ OK-ისთან საუბარში. იხსენებს იმ ემოციებს და შიშს, რომელიც დამნაშავის დაპატიმრებამდე ჰქონდა.
„მის დაპატიმრებამდე შიშით ვცხოვრობდი, რომ ის მიპოვიდა და მომკლავდა“, – ამბობს იოანა ინტერვიუში.
ახლა 35 წლის იაონა სახეზე მჟავით მიყენებულ დამწვრობას სპეციალური ნიღბით ფარავს. ჯერ არ იცის, რა დრო დასჭირდება სახეზე რეაბილიტაციას და დარჩება თუ არა ნაწიბურები.
ყველაფერი ასე დაიწყო: დილის 9 საათი იყო, როცა იოანამ მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა და სამსახურში შესვლას აპირებდა. მოულოდნელად მას ლიფტთან ქალი მიუახლოვდა და მას ვიტრიოლის მჟავა შეასხა. მას სახის მარცხენა ზედა ნაწილი, სახე, სხეული და მკლავი დაეწვა, მჟავამ სერიოზული ჭრილობები მიაყენა. იქ მყოფ ადამიანებს ყვირილის ხმა შემოესმათ და ნახეს, მჟავისგან სამოსი როგორ უდნებოდა.
დაზარალებულმა ახლომდებარე აფთიაქში შესვლა მოახერხა, სადაც მას ჭრილობები წყლით ჩამობანეს და შემდეგ თრიასიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. იოანას მდგომარეობა მძიმე იყო. მას მარცხენა თვალში მხედველობის დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ექიმმა ფოტინი ვირვინიცუმ, რომელიც მას მკურნალობდა, მოახერხა და იოანას მხედველობა შეუნარჩუნა.
დაზარალებულისა და თვითმხილველთა თქმით, თავდასხმა განახორციელა ქალმა, რომელსაც ქირურგიული ნიღაბი და შავი ტანსაცმელი ეცვა. პოლიცია თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირს თითქმის ერთი თვე ეძებდა. მომხდარზე შესაძლო მოტივად სიძულვილი და შურისძიება დასახელდა. გამომძიებლები მოწმეების ჩვენებებსა და იმ ვიდეომასალას სწავლობდნენ, რომლებიც სათვალთავლო კამერებიდან ამოიღეს.
ვიტრიოლის ანუ გოგირდის მჟავა ძლიერი კაუსტიკური მჟავაა და კანთან შეხების შემთხვევაში ძლიერ დამწვრობას იწვევს.
primetime.ge
კომენტარები