fbpx
საზოგადოებასაქართველო

ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდაზე ანას გვერდით დაკრძალავენ

ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გუშინ საქართველომ დაკარგა გენიალური ფოლკლორისტი, ქართული ხალხური მუსიკის მოამაგე და საზოგადო მოღვაწე, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე მართლაც რომ ფასდაუდებელია.

ანზორ ერქომაიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ხალხურ მრავალხმიან მუსიკას, ჩვენს ყველაზე ძვირფას საგანძურს და მთელ მსოფლიოს გააცნო ქართული მუსიკისა და გენის სიდიადე. ბატონი ანზორის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია, თუმცა მჯერა, იმ საქმეს, რომელსაც მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა, ღირსეულად გააგრძელებენ მისი აღზრდილი თაობები.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას ბატონი ანზორის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი 31 მარტს გარდაიცვალა 80 წლის ასაკში. ცნობილი ლოტბარი და ფოლკლორისტი 19 მარტის შემდეგ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული კორონავირუსის დიაგნოზით. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ანზორ ერქომაიშვილს 3 აპრილს, 14:00 საათზე დაკრძალავენ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ანა კალანდაძის საფლავის გვერდით. სამოქალაქო პანაშვიდი პირველ და 2 აპრილს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

ამავე თემაზე: „აი, ვის ჩაიხუტებს გულში მთაწმინდა“ – ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close