მედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბოზის განვითარების სავარაუდო მიზეზი იპოვეს

რა სიმპტომები მიანიშნებს თრომბოზის საშიშროებას და როგორ შეიძლება მკურნალობა?

AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბოზის და თრომბოემბოლიის განვითარების მიზეზი შესაძლოა პრეპარატზე ორგანიზმის იშვიათი რეაქცია იყოს, – წერს გაზეთი The Wall Street Journal-ი ნორვეგიელი და გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით.

ნორვეგიელ და გერმანელ მეცნიერ-მედიკოსთა ორმა ჯგუფმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩაატარა კვლევა და აღმოაჩინა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრას შესაძლოა მოჰყვეს ორგანიზმის აუტოიმუნური რეაქცია, რომელიც თრომბოციტებზე ანტისხეულების წარმოქმნას იწვევს, რის შედეგადაც შესაძლოა თრომბოზი განვითარდეს.

მკვლევრების განცხადებით, ვაქცინით გამოწვეული აუტოიმუნური რეაქციის შედეგად თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის შედედების პრობლემა წარმოიქმნება.

ჰემატოლოგიის პროფესორმა, ოსლოს უნივერსიტეტის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა პოლ ანდრე ჰოლმმა, რომელიც ნორვეგიაში თრომბების წარმოქმნის შემთხვევებს იკვლევს, განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დაადგინა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიერ წარმოქმნილი ანტისხეული, რომელმაც გვერდითი რეაქცია გამოიწვია.

„ვაქცინის გარდა, არაფრით შეიძლება აიხსნას, რატომ ჰქონდათ ამ ადამიანებს ასეთი იმუნური პასუხი“, – განაცხადა ჰოლმმა. ამ განცხადების შემდეგ ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაცია ჯერჯერობით არ გააგრძელოს.

ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები გრაიფსვალდის  (გერმანია) უნივერსიტეტიდან. მედიცინის პროფესორის, ანდრეას გრაინახერის თქმით, ვაქცინაზე ორგანიზმის სახიფათო რეაქციის სიმპტომებია თავის ტკივილები, თავბრუხვევა, მხედველობის დარღვევა. თრომბების წარმოქმნის საფრთხე ასეთ შემთხვევაში სწრაფად დიაგნოსტირდება სისხლის სტანდარტული ანალიზით.

„ეს გართულება ვითარდება აცრილთა ძალიან მცირე ნაწილში. და თუ ეს მოხდება, უკვე ვიცით, როგორ ვუმკურნალოთ“, – განაცხადა გრაინახერმა. მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინით გამოწვეული ამ გართულებების დიაგნოსტირების შემდეგ, რომლებსაც პოტენციურად შეუძლია თრომბოემბოლიამდე მიგვიყვანოს, ნებისმიერ საშუალო დონის საავადმყოფოში შესაძლებელია პაციენტის მკურნალობა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ორგანიზმის გვერდითი რეაქციის ნეგატიური შედეგების ნეიტრალიზება შესაძლებელია სისხლის გამათხელებელი პრეპარატებით და იმუნოგლობულინით.

როგორც ცნობილია, თრომბოზის შემთხვევების გამო (რომელთაგან რამდენიმე ფატალური შედეგით დასრულდა) ევროკავშირის რიგმა ქვეყანამ, მათ შორის, ავსტრიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, სიფრთხილის მოსაზრებით, გადაწყვიტეს დროებით შეეჩერებინათ  AstraZeneca-ს  პრეპარატით ვაქცინაცია. ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომ„ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია და სარგებელი გაცილებით აჭარბებს რისკებს, ზოგიერთმა ქვეყანამ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის განახლების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საფრანგეთი რეკომენდაციას იძლევა, ამ პრეპარატით ჯერჯერობით მხოლოდ 55 წელზე მეტი ასაკის ადამიანების ვაქცინაცია ჩატარდეს. გუშინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა, რომელსაც ივნისში 56 წელი უსრულდება, საჯაროდ გაიკეთა „ასტრაზენეკას“ პირველი აცრა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close