იტალია

იტალიაში 22 მარტიდან მხოლოდ წითელი და ნარინჯისფერი ზონები იქნება (რუკა)

ერთადერთი „თეთრი“ რეგიონიც „ნარინჯისფერი“ ხდება

იტალიის „ფერად“ ეპიდემიოლოგიურ რუკაზე, სადაც წითელი ფერი ჭარბობს, ერთადერთი თეთრი ლაქაც გაქრება – ორშაბათიდან, 22 მარტიდან კუნძული სარდინია, რომელიც მინიმალური რისკის ანუ „თეთრი“ ზონა იყო, ნარინჯისფრად „შეიფერება“. ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ ახალ დადგენილებას უკვე მოაწერა ხელი.

კამპანია „წითელი“ რჩება, წითელი ზონებიდან მხოლოდ მოლიზე უბრუნდება ნარინჯისფერს. ამასთან, აპულიის პრეზიდენტი მიკელე ემილიანო აცხადებს, რომ ფიქრობს „კიდევ უფრო გაამკაცროს ზომები, ვიდრე ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს გათვალისწინებული წითელი ზონებისთვის“.

იტალიაში SarsCoV2-ით ინფიცირების შემთხვევების დღიური რაოდენობა ზრდას განაგრძობს, ამასთან, ტრანსმისიის ინდექსი Rt სტაბილური რჩება და ქვეყანაში, საშუალოდ, 1,16-ის დონეზეა (ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის/ ISS 12-იდან 18 მარტამდე პერიოდის მონაცემი).

დღეს საღამოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 23 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 25735), გარდაიცვალა 401 პაციენტი (გუშინ – 386). პოზიტიურობის მაჩვენებელი (ჩატარებული ტესტირებებიდან ვირუსზე დადებითი პასუხების პროცენტული რაოდენობა) 6,7%-ია (გუშინ – 7%). ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ რთული რჩება. ინტენსიური თერაპიის განყოფილებების დატვირთვა, საშუალოდ, 31%-იდან 36%-მდე გაიზარდა (კრიტიკული ზღვარი, როგორც ცნობილია, 30%-ია).

წინა კვირის მსგავსად, ამ კვირაშიც 10 რეგიონი ისევ მაღალი რისკის კატეგორიაშია, 11 – ზომიერი რისკის კატეგორიაში, თუმცა 7 რეგიონთან დაკავშირებით არსებობს დიდი ალბათობა, რომ მაღალი რისკის კატეგორიაში გადავლენ. ISS-ის 12-18 მარტის პერიოდის მონაცემები აჩვენებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე ამ კვირაში 264 შემთხვევამდე გაიზარდა (წინა კვირის მაჩვენებელი იყო 225,64 შემთხვევა), რაც ზღვრულ მაჩვენებელს – 250-ს აღემატება.

ასეთი იქნება იტალიის ეპიდემიოლოგიური ზონების რუკა ორშაბათიდან, 22 მარტიდან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close