fbpx
ინტერვიუ

„გზა სიცოცხლისა“ ინოვაციურ პროექტს ახორციელებს, რომელსაც ემიგრანტებიც ეხმარებიან

სოციალური პროექტი, რომელსაც საქველმოქმედო ორგანიზაცია „გზა სიცოცხლისა“ ახორციელებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალიზებული ადაპტირებული სივრცის, ასევე, მოხუცთა და ძალადობის მსხვერპლ პირთა თავშესაფარის მოწყობას ითვალისწინებს. მშენებლობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზოვრეთში რამდენიმე თვეში დაიწყება.

„ავუშენოთ ერთი სამაგალითო სახლი მოხუცებს, ძალადობის მსხვერპლ პირებს, შშმ პირებს, ვაჩვენოთ მსოფლიოს საუკეთესო მაგალითი საზოგადოებაში ინტეგრაციისა, თანაარსებობისა და თანადგომისა“, – ამბობს იდეის ავტორი სვეტლანა ჩხვიმიანი, რომელმაც საკუთარი ტერიტორია ორგანიზაციას საჩუქრად გადასცა.

Nostal.ge ქალბატონ სვეტლანას დაუკავშირდა, რათა უფრო დაწვრილებით მოეთხრო ამ იდეის შესახებ და გაერკვია, რამდენად შესაძლებელია ერთ სივრცეში არა მარტო შშმ პირების დახმარება, არამედ ძალადობის მსხვერპლ პირებსა და მოხუცებზე ზრუნვაც.

სვეტლანა ჩხვიმიანი

ქალბატონო სვეტლანა, როდის გაგიჩნდათ ეს იდეა, რაიმე კონკრეტულ ფაქტს ხომ არ უკავშირდება?  

2013 წელს დავწერე პროექტი შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათ დასაქმებაზე. მაშინ გავიცანი ეტლით მოსარგებლე ლაშა მელაძე და, იმ დღიდან მოყოლებული, ათასი იდეა-ოცნება გვქონდა.

ლაშა თვითნასწავლი მხატვარი, უნიჭიერესი ადამიანია. ამ იდეამდე ჩვენ ერთად ვიმუშავეთ პროექტზე „აქ ჩემი სახლია“, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მისამართების მონიშვნა-დამოწმებას მოიცავს…

ამ პროექტში ბევრი ეტლით მოსარგებლე და განუსაზღვრელი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანები მეხმარებოდნენ, ლაშას თამადობით. გვქონდა კრებები და თათბირები, პრეზენტაციები, მაგრამ ადაპტირებული გარემოს არქონის  გამო, ეს უნიჭიერესი ადამიანები, ვისზეც  იდგა პროექტი, ყურადღების მიღმა გვრჩებოდნენ. მაშინ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც მოვითხოვდით, რომ ამ ადამიანებს  სახლიდან გაუსვლელად მუშაობის საშუალება ჰქონოდათ. გავიდა დრო და ონლაინ მუშაობა ლამის ჩვენი ცხოვრების სტილად იქცა.

როცა სოფელში გადავედი საცხოვრებლად (ამის  მიზეზს  ქვემოთ მოგახსენებთ), ვფიქრობდი, ის სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობ, გამეხადა ადაპტირებული და ჩემი მეგობრებისთვის, ვისაც ინტერნეტს მიღმა შეხვედრა არ შეუძლია, მომეწყო კარგი დასასვენებელი შეხვედრის ადგილი ზაფხულობით.

ვინაიდან ჩემი ყველა იდეის თუ გეგმის განხორციელებას საკუთარი თავიდან ვიწყებ, მინდოდა ესეც ამ სახლიდან დამეწყო, მაგრამ რადგან სახლი ეკუთვნის ჩემს დედამთილს, რომლის მოსავლელადაც სოფელში ჩამოვედი, ვერ დავაძალე, მასაც ჩემსავით ჰყვარებოდა ჩემი შშმ მეგობრები.

ახლა არ მოგიყვებით მოხუცებზე, რომლებსაც ვეხმარები საკვები პროდუქტებით, მაგრამ მათი მხოლოდ გამოკვება საკმარისი არ არის, მათ სჭირდებათ ელემენტარული „საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება“… ისინი ნორმალურ პირობებში კიდევ გამოადგებიან საზოგადოებას, სხვა რომ არაფერი, ადამიანს დამლაპარაკებელი სჭირდება.

რაც შეეხება ძალადობის მსხვერპლ პირებს, აქ გენდერს არ ვარჩევთ, თუმცა  მე განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოვირჩევი ჩვილბავშვიანი ქალების მიმართ. ბევრჯერ გამიღია მათთვის სახლის კარი, შემიფარებია და დღემდე მათი საიმედო მეგობარი ვარ.

ამ ყველაფერზე ფიქრმა და დარდმა მიმიყვანა ამ პროექტამდე. იმის თქმა მინდა, რომ  სამივე მიმართულებას კარგად ვიცნობ და გადავწყვიტე მათი  შერწყმა.

ამ პერიოდში გამოჩნდა გასაყიდი მიწა, რომელიც ჩემი ემიგრანტი მეგობრების, ნინო ჩეგიანის და ელა ღურწკაიას დახმარებით შევიძინე. მათ არ იცოდნენ ჩემი გეგმების შესახებ, უბრალოდ, მენდნენ.

ზოვრეთი

ეს ადგილი სოფელ ზოვრეთში მდებარეობს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. ულამაზესი ადგილია, სწორედ ისეთი, როგორიც ოცნებაში წარმომედგინა. მიწის დაკანონებაში დამეხმარა  მომავალი სამეზობლო და მუნიციპალიტეტის  მერი გიორგი გოგლიჩიძე, რომელიც ასევე ეტლით მოსარგებლეა. აღფრთოვანებულია ამ პროექტით და მაქსიმალურად გვეხმარება. პროცედურულად 11 მარტს განხორციელდა მიწის ჩუქება  მშენებლობისთვის.

პროექტის ფარგლებში რამდენი შენობა უნდა აშენდეს და როდის დაიწყება მშენებლობა?

ამ იდეის განხორციელება მივანდე ორგანიზაციას „გზა სიცოცხლისა“. მშენებლობის დაწყებას სექტემბრიდან ვვარაუდობთ. ამ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს სამი ინდივიდუალური შენობა, რომლებიც, ამავე დროს, შერწყმული იქნება ერთმანეთთან. ორგანიზაციას უკვე გადაეცა საჩუქრად პირველი შენობის, შშმ პირთა სპეციალიზებული ადაპტირებული სასტუმროს მაკეტი, რომლის ავტორიც ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა არქიტექტორი თამაზ მაჩიტიძეა (23 წლის – ეს კიდევ ცალკე საამაყო თემაა).

მაკეტი

ახლა მიმდინარეობს მეორე და მესამე შენობის არქიტექტურაზე მუშაობა.

აქ ძალადობის მსხვერპლი პირისთვის ყველა გარემო იქნება შექმნილი როგორც დასაქმების კუთხით, ისე ბავშვების  მოსავლელად. შშმ პირებს ექნებათ სრულიად მორგებული გარემო მათი ინტერესების შესაბამისად, მოხუცებს კი ექნებათ კომუნიკაციის საშუალება  როგორც ბავშვებთან, ისე თავიანთ  თანატოლებთან. ბევრი საინტერესო ამბავია წინ, ყველაფერს ვერ გავამხელ, ერთს ვიტყვი მხოლოდ სრული პასუხისმგებლობით: ასეთი პროექტი ამიერკავკასიაში პირველია და, ნეტავ, ბევრმა მოგვბაძოს.

როგორც ვიცი, ემიგრანტებმა აიტაცეს თქვენი იდეა და გვერდში დაგიდგნენ… რას ეტყოდით მათ?

როგორც ზემოთ ვთქვი, თავიდანვე ხელს მიწყობდნენ ემიგრანტები, მაგრამ რაც ამ პროექტის გასაჯაროების შემდეგ მოხდა, ამან მოლოდინს გადააჭარბა! იტალიიდან დამიკავშირდა ემიგრანტი ქალბატონი დონარა გაბეხაძე და მითხრა, რომ წლები აქვს ნაფიქრი სამშობლოში დარჩენილ გასაცოდავებულ მოხუცებზე და საზღვარგარეთ დაფასებულ ყოფაში მყოფ მოხუცებზე. თქვა, რომ ამ იდეის განხორციელება იყო მისი მიზანი. მე დიდი სიხარულით დავაკავშირე ორგანიზაციასთან „გზა სიცოცხლისა“ და დღეს ჩვენ მხარდამხარ ვიბრძვით.

ემიგრანტებო, ქედს ვიხრი თქვენი ტკივილისა  და თქვენი მარჯვენის წინაშე!

„გზა სიცოცხლისა“  გახდება თქვენი გზა შინისკენ.

* * *

Nostal.ge  ქალბატონ დონარა გაბეხაძესაც დაუკავშირდა  იტალიაში. როგორც შევიტყვეთ, ემიგრანტმა ქალბატონმა დიდი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და მოხუცთა თავშესაფრის მშენებლობაზე ზრუნავს. მიზანი ერთია – სამშობლოდან შორს მყოფმა, ემიგრანტ თანამემამულეებთან ერთად მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ამ ღვთისნიერ საქმეში.

დონარა გაბეხაძე

დონარა გაბეხაძე:  „პირველ რიგში, მადლობა ამ ორგანიზაციას ასეთი წინდახედული, ქვეყნისთვის მეტად საჭირო საქმის კეთებისთვის. აქვე ვიტყვი, რომ ბევრი საინტერესო ხედვა მაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით. ევროპაში და, კერძოდ, იტალიაში არის ასეთი ორგანიზაციები და ჩვენ, ემიგრანტებს, როგორც „მოხუცთა ასისტენტებს“, გვაქვს ამ ორგანიზაციებთან შეხება. ამიტომ ყველა ემიგრანტმა იცის, რას ნიშნავს ასეთი ორგანიზაციის საქმიანობა  და რა დატვირთვა აქვს მას მომავალში. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთის თანადგომითა და უფლის წყალობით ყველაფერი გამოგვივა. რაც გვაქვს, ესეც ხომ უფლის ნებაა…“

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close