fbpx
ქართველები უცხოეთში

„ან დამიბრუნეთ 2 მილიონი, ან მომეცით კლუბი“ – ვის ედავება მაკა ასათიანის მილიონერი ვაჟი, კახი ჟორდანია

მაკა ასათიანის და მერაბ ჟორდანიას 24 წლის ვაჟმა, კახი ჟორდანიამ 2018 წელს ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბი Den Bosch 2.5 მილიონ ევროდ იყიდა და კლუბის აქციების 99.9% გადაიფორმა, თუმცა ნიდერლანდების საფეხბურთო ასოციაციამ მას „მწვანე შუქი“ არ აუნთო და ჟორდანიას გეგმებს ხაზი გადაუსვა. მიზეზად კი დაასახელა ეჭვი, რომ ფულის გათეთრება მოხდა.

ნიდერლანდური „დენ ბოსხისა“ და კახი ჟორდანიას იმედისმომცემი გარიგება მწვავე დაპირისპირებით გაგრძელდა და სასამართლოში გადაინაცვლა. პროცესი 9 მარტს დაიწყო და 6,5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

კახი ჟორდანიამ კლუბისგან ჩადებული ინვესტიციის, ორი მილიონი ევროს დაბრუნება ან საფეხბურთო კლუბის გადაცემა მოითხოვა, თავის მხრივ, „დენ ბოსხსაც“ სურს, რომ მისგან ასიათასობით ევრო მიიღოს.

„2018 წლის ივლისის ბოლოს „დენ ბოსხმა“ საზეიმოდ გამოაცხადა: კახი ჟორდანიასთვის კლუბის გადაცემაზე შეთანხმდნენ. გეგმები ამბიციური იყო, დასაწყისი – იმედისმომცემი. მაგრამ ეს ყველაფერი იყო. ახლა, მოკლე და არაოფიციალური ქორწინების შემდეგ, გაყრის პროცესი დაიწყო. პომპეზურობითა და საზეიმო დაპირებებით სავსე ზღაპრის წიგნში მოულოდნელად შავი გვერდი გაჩნდა. და ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე გვერდი, რადგან ოცნება დაინგრა“, – წერს ნიდერლანდური გამოცემა omroepbrabant-ი.

ჟორდანიას მისვლის შემდეგ კლუბის გულშემატკივრებს სულ უფრო მეტად სჯეროდათ, რომ ამბიციები აღარ იყო მხოლოდ სიტყვები. „დენ ბოსხი“ 2018 წლის ზამთრის შესვენებამდე პირველი ლიგის ლიდერი გახდა.

ნიდერლანდური გამოცემის ცნობით, სასამართლომ მხარეებს შეთანხმების მისაღწევად ორი კვირა მისცა. თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, სასამართლო განაჩენს 9 ივნისს გამოიტანს.

ჰოლანდიური მედიის ცნობით, კახი ჟორდანიას უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული. ის შვეიცარიის მოქალაქეა. ახალგაზრდა მილიონერი რუსული ნავთობგადამამუშავებელი კომპანია „ოილ ენერჯი ჯგუფის“ მფლობელი და მმართველი იყო და ნავთობის ბიზნესში  გამომუშავებულ თანხა ჰოლანდიურ კლუბში დააბანდა.

კახი ჟორდანიას „საფეხბურთო გვარიშვილობა“ კი ნამდვილად შთამბეჭდავია: „ერთი პაპა – თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერი… მეორე პაპა – ლანჩხუთის „გურიას“ ლეგენდა… მამა „დინამოსა“ და „გურიას“ წამყვანი ნახევარმცველი… ძმა ჰოლანდიური კლუბის ფეხბურთელი…

კახი ჟორდანია კახი ასათიანისა და ლეო ჟორდანიას შვილიშვილია, თბილისის „დინამოს“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ჰოლანდიური „ვიტესის“ ყოფილი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას ვაჟი. მისი ძმა, ლევანი, ჰოლანდური ერსტედივიზიონის „ეინდჰოვენის“ ფეხბურთელია.

კახი 2015 წელს ნანიკო კლდიაშვილიზე დაქორწინდა.

კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი კახი ჟორდანიას დასახასიათებლად – მამამისის, მერაბ ჟორდანიას აღიარებით, კახი ყოველთვის უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებდა, ვიდრე იგი.

შეგახსენებთ, რომ მაკა ასათიანს 3 ვაჟი ჰყავს. კახი და ლევანი – პირველი ქორწინებიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიასთან. სხვათა შორის, მერაბ ჟორდანია იყო პირველი, ვინც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ დააკავა. მაშინ ჟორდანია კანონით არარსებულ საპროცესო გარიგებაზე წავიდა, 700 ათასი ლარი გადაიხადა და თავისუფლება დაიბრუნა, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა დათმო.

მესამე შვილი – კონსტანტინე კი მაკა ასათიანს ბიზნესმენ კოტე გოგელიასთან ჰყავს. წყვილი, ძირითადად, ევროპაში ცხოვრობს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close