fbpx
ეკონომიკასაქართველო

„ვიზეარი“ ქუთაისიდან 20 მიმართულებით იფრენს

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ რამდენიმე ბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რეგულარული ფრენის აღდგენის შემდეგ არსებულ დინამიკაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ფრენა განაახლა რამდენიმე ავიაკომპანიამ, ასევე საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის რამდენიმე ბიუჯეტური ავიაკომპანია.

„…თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა კვირაში ორი სიხშირით, „ფლაი დუბაიმ“ კვირაში ოთხი სიხშირით, „ეარ არაბიამ“ კვირაში ორი სიხშირით, ხოლო მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება ავიაკომპანია „ბუტა ერვეისი“, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით. ეს არის დაბალბიუჯეტიანი ავაკომპანია. ასევე, იფრენენ „ეარასტანა“ და ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ფლაი არისტანი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

​მისივე თქმით, ფრენაზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ფრენის სიხშირე გაზარდა.

„მაგალითად, თურქეთის ავიახაზები, რომელიც ახორციელებდა ფრენას კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ამ მომენტისთვის ასრულებს დღეში ორ რეისს. „პეგასუსი“ ფრენებს ასრულებდა კვირაში მხოლოდ ორი სიხშირით და ამ მომენტისთვის დაფრინავს ყოველდღიურად, „ყატარის ავიახაზებიც“ გადავიდა ყოველდღიურ რეისებზე, კვირაში ოთხი სიხშირით. „ვიზეარი“, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, მარტის ბოლოდან აახლებს ფრენებს ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში. ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას.

მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია „ვიზეარ აბუ დაბი“, რომელიც ფრენებს შეასრულებს აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ფრენათა სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„დღევანდელი მდგომარეობით, მარტის განმავლობაში განხორციელდება კვირაში დაახლოებით 70-მდე რეგულაური ფრენა სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ. დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში იქნება კვირაში დაახლოებით 200 ფრენა. ეს მაშინ, როდესაც თუნდაც გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10-12 სიხშირე კვირაში. ჯამში, ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა შვიდჯერ გაიზრდება“, – დასძინა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, მარტის მეორე ნახევარში ისრაელიდან შესრულდება სამი ფრენა, რომლითაც საქართველოში ვაქცინირებული ტურისტები ჩამოვლენ.

„ასევე, სასიხარულო ინფორმაციაა, რომ უკვე გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადებიც. კერძოდ, მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია „არკია“ შეასრულებს სამ ტურისტულ ჩარტერულ რეისს, 19, 22 და 26 მარტს თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით. ეს არის შემსუბუქების პირველი შედეგი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

წყარო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close