საზოგადოებასაქართველო

თენგიზ ცერცვაძე: შემომედავოს ვისაც უნდა, ალბათ საქართველო უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელი

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ისრაელში, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის პროცენტულად ყველაზე მაღალი რაოდენობა იცრება, ჩვენზე 10-ჯერ მეტი ინფიცირების შემთხვევები აქვთ და მათი ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 4000-ს მაინც არ ჩამოსცდენია

„ალბათ ჩვენი სახელმწიფო უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელი“, – განაცხადა ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დღის კურიერში“ სტუმრობისას.

„ისრაელში, რომელმაც პროცენტულად ყველაზე მეტი რაოდენობა აცრა მოსახლეობის, ახლა ამბობენ, რომ ორი მესამედი აცრილია ისრაელში, თან „ფაიზერის“ ვაქცინით, სავარაუდოდ, ყველაზე უკეთესით. თქვენც ნახეთ, ინტერნეტში… მეც აქ მაქვს დოკუმენტები… ყველაზე სარწმუნო მონაცემებით, ისრაელში ბოლო ერთი კვირაა ახალი შემთხვევების რაოდენობა 4000-ზე ქვევით არ ჩამოდის. მაგალითად, გუშინ 5000 ახალი შემთხვევა იყო. ისრაელი ჩვენზე ორჯერ დიდია, ჩვენ 4 მილიონი ვართ, ისრაელი 9 მილიონია; ჩვენ გვაქვს სამასი შემთხვევა ახალი, ხან – 100, ხან – 200, 400-ზე მეტი – არა და ისრაელს აქვს 4000-5000 შემთხვევა.

ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რა, ცერცვაძე ვაქცინის ეფექტურობას ეჭვის ქვეშ აყენებს? – არა. მე ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ვაქცინა არ არის და არ უნდა იყოს განხილული, როგორც ერთადერთი საშუალება და სხვა ეპიდსაწინაღმდეგო ზომები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ იქნება ვაქცინის პარალელურად გამოგონებული ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტი ვაქცინასთან წყვილში. მაშინ დამარცხდება პანდემია. ვაქცინით მოვახდენთ პრევენციას და მედიკამენტით მოვახდენთ ყველას განკურნებას. მხოლოდ მანამდე ეპიდსამსახურებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა ისევე თავგანწირვით და მონდომებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ.

მე ვიტყვი ამას და შემომედავოს ვისაც უნდა – ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკეთესად მუშაობს ალბათ, ვიდრე ისრაელის. ცუდი რამე ვთქვი ახლა, ათასი ვინმე შემომედავება, რადგან მათ [ისრაელს] ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი ახალი შემთხვევა აქვთ. არ უნდა დავაკნინოთ ყველაფერი ჩვენი, არ უნდა გვქონდეს იმის მოთხოვნილება, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდია და უცხოეთში კარგი“, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

მან „რუსთავი-2“-ის ეთერში ასევე განაცხადა, რომ საქართველო ივნისის ბოლოს Novavax-ის ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს.

ინფექციონისტის განმარტებით, ეს შეთანხმება უკვე მიღწეულია და მას წინ არაფერი უდგას.

„ეს, პრაქტიკულად, გადაწყვეტს პირველი წლის იმუნიზაციის საკითხს. საქართველომ Novavax-თან ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია, რასაც გვსაყვედურობენ ოპონენტები, რატომ დიდი ხნით არ დაიწყეთ კომუნიკაციაო. ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ არის, მაგრამ არსებული ინფორმაციით, Novavax-ითაც ორჯერ აცრა იქნება საჭირო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი გარდაიცვალა, წინა დღეს კი – 9 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირებებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 133 შემთხვევა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი (ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი პასუხების  პროცენტული რაოდენობა) ბოლო ერთ დღეში 1,25-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 14 დღეში – 1,65-ს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close