კოვიდგადატანილი მოქალაქეების კვლევა მომავალ კვირაში დაიწყება – თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა მომავალ კვირაში დაიწყება.
მისივე თქმით, კვლევის შედეგად ჯანდაცვის სპეციალისტებს ზუსტად ეცოდინებათ, კოვიდგადატანილი პაციენტების რა ნაწილს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი.
„კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევას შუა კვირაში დავიწყებთ. ამ კვლევის შედეგებით, ზუსტად გვეცოდინება, კოვიდგადატანილი პაციენტების რა ნაწილს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი, სად უფრო ხშირია: კაცებში თუ ქალებში, ახალგაზრდებში თუ ასაკოვნებში, ვინც მძიმედ გადაიტანა დაავადება, თუ ვინც მსუბუქად. რაც მთავარია, გვეცოდინება რომელი გამოვლინება ჭარბობს პოსტკოვიდურ სინდრომში: სასუნთქი სისტემის, ზოგადი სიმპტომები – დაღლილობა, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ნევროლოგიური სიმპტომები და სხვ. შემდეგ ეს პოსტკოვიდური სინდრომის პაციენტების ნაკადები სწორად უნდა დავახარისხოთ, სწორად დავაკვალიანოთ და სწორად მივმართოთ პროფილურ კლინიკებში. ასეთია გეგმა.
როდესაც ეს კვლევა ჩატარდება, ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება პროგრამა, რომელიც უფასოდ მოემსახურება პოსტკოვიდური სინდრომით ავადმყოფებს გარკვეულ ფარგლებში. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ეს პაციენტები მივლენ ზოგადი პროფილის კლინიკებში, ინფექციურ კლინიკებში და შეიძლება ოჯახის ექიმთანაც. სპეციალური კვლევის ალგორითმით და კითხვარით დადგინდება, აქვს თუ არა მას პოსტკოვიდური სინდრომი და თუ აქვს, რომელი გამოვლინება აქვს და შემდეგ უკვე ამ კონკრეტული გამოვლინების მიხედვით, ისინი დაკვალიანდებიან და გადამისამართდებიან სპეციალისტებთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, კვლევა მხოლოდ თბილისში ჩატარდება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 500 მონაწილე შეირჩევა.
„არსებობს სპეციალური კრიტერიუმები, რამდენი ადამიანი უნდა იყოს კვლევაში, რომ ეს კვლევა იყოს სარწმუნო. ჩვენთვის ეს არის 400 ავადმყოფი, მაგრამ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გადავაჭარბოთ და 500 კაცი გამოვიკვლიოთ. მონაწილეები შეირჩევიან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ეს კვლევა მხოლოდ თბილისში ჩატარდება, ვინც გადაიტანა კოვიდი ბოლო ორი თვის მანძილზე. შეირჩევა 500 ადამიანი და მათ დაუკავშირდებიან ტელეფონით და მოიწვევენ კვლევისთვის“, – განაცხადა ცერცვაძემ.
1tv.ge
კომენტარები