newsიტალიაპოლიტიკა

შეიარაღებული თავდასხმის შედეგად კონგოში იტალიის ელჩი დაიღუპა

გომაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, გაეროს მისიის (MONUSCO) ავტომანქანების კოლონაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იტალიის ელჩი ლუკა ატანაზიო დაიღუპა. გარდაიცვალა 30 წლის კარაბინერი ვიტორიო იაკოვაჩიც, რომელიც დიპლომატს  ახლდა. თავდასხმა კონგოს (აგრეთვე, იტალიის) დროით დაახლოებით დილის 10 საათზე მოხდა.

იტალიური მედიის ცნობით, ჯერჯერობით დაუდგენელია თავდასხმის მიზეზი, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ საქმე ეხება გატაცების მცდელობას, რომელიც გეგმის მიხედვით არ წარიმართა.

ელჩის და კარაბინერი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა და ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა მძღოლიც – კონგოელი მუსტაფა მილამბო.

წყაროების ინფორმაციით, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ, შესაძლოა თავდასხმაზე პასუხისმგებელი იყოს რუანდის გათავისუფლების დემოკრატიული ძალების ხალხი. Fdlr-Foca – რუანდელი აჯანყებულების ძირითადი ნარჩენი ჯგუფია, ეთნიკურად ეკუთვნის ჰუტუს და რუანდაში გენოციდით არის ცნობილი. ეს არის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი ჰიპოთეზა, რომელიც უფრო სარწმუნოდ მიაჩნიათ პოლიციას და ადგილობრივ მთავრობას.

ადგილობრივი პოლიციის მიერ დანაშაულის პირველადი რეკონსტრუქცია ასეთია: მძღოლის ლიკვიდაციის შემდეგ ელჩი და კარაბინერი ტყეში გაიტაცეს და მოკლეს. მათი ვერსიით, 6 ადამიანისგან შემდგარი  ჯგუფი ჯერ კოლონას დაესხა თავს და მძღოლი მოკლა. თავდამსხმელებმა დანარჩენები ტყეში გაიტაცეს, თუმცა როდესაც ადგილობრივი პოლიციის ძალები მივიდნენ დასახმარებლად, მათ კარაბინერს ესროლეს და მოკლეს, ამასთან, დაიღუპა ელჩიც. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მუცელში იყო დაჭრილი. ელჩი რეგიონის დედაქალაქის (გომა) საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 43 წლის ლუკა ატანაზიოს გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის საიტი წერს, რომ გაეროს მისიის კოლონა რუტშურუში მიდიოდა ადგილობრივი სკოლისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. მანამდე გზა, რომელზეც თავდასხმა მოხდა, გაიწმინდა „დაცვის თანხლების გარეშე“ უსაფრთხოდ გავლისთვის.

რომის პროკურატურამ საქმე აღძრა ელჩისა და კარაბინერის სიკვდილთან დაკავშირებით. Ansa-ს ინფორმაციით, რომის მიერ დელეგირებული ROS-ის ჯგუფი (Raggruppamento Operativo Speciale – იტალიელ კარაბინერთა სპეციალური ოპერატიული დანაყოფი) ხვალ კინშასაში (კონგოს დედაქალაქი) გაემგზავრება, რათა ადგილობრივ გამოძიებას იტალიელი ელჩისა და კარაბინერის მკვლელობის გამოძიებაში დაეხმაროს.

ნინო ხოშტარია

სტატია განახლებულია 21:30 სთ-ზე.

იტალიის ელჩი კონგოელ ბავშვებთან ერთად. ფოტო მისი მეუღლის ფეისბუქიდან.
ლუკა ატანაზიო მეუღლესთან ერთად. ფოტო ფეისბუქიდან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close