იტალიაპოლიტიკა

იტალია: ახალი დეკრეტით გათვალისწინებული ზომები კოვიდის წინააღმდეგ და „ფერადი“ ზონები (რუკა)

მარიო დრაგის მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომაზე დღეს, 22 თებერვალს  კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ახალი კანონი-დეკრეტი დაამტკიცეს. როგორც ჩვენი მკითხველისთვის არის ცნობილი, რეგიონებს შორის გადაადგილება 27 მარტამდე აიკრძალა, მათ შორის, ყვითელ ეპიდემიოლოგიურ ზონებშიც. ამის შესახებ repubblica.it წერს.

მინისტრთა კაბინეტის სხდომა Palazzo Chigi-ში (კიჯის სასახლე) დაახლოებით დილის 10 საათზე დაიწყო და საათ-ნახევარში დამთავრდა. ახალ შემზღუდავ ზომებს შორის წითელ ზონებში არის კერძო ვიზიტების აკრძალვა ნათესავების და მეგობრების მოსანახულებლად. ყვითელ და ნარინჯისფერ ზონებში ეს შესაძლებლობა რჩება (მაქსიმუმ 2 ადამიანს ერთად  – მათ შორის არ ითვლებიან 14 წლამდე ბავშვები – შეუძლია ესტუმროს ნათესავს ან მეგობარს). წითელ ზონებში კი – არავითარი ვიზიტები!

ღამის გადაადგილების შეზღუდვა დილის 5-იდან საღამოს 10 (22:00) საათამდე ძალაშია იტალიის მთელ ტერიტორიაზე.

მთავრობის მიერ მიღებულ ამ ზომებს რეგიონებმა მწვანე შუქი მისცეს გუშინ საღამოს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე.

გარდა დეკრეტით გათვალისწინებული რეგულაციებისა, ადგილობრივ მთავრობებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ღონისძიებები ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ.

რა შეზღუდვები მოქმედებს ამჟამად?

წითელი ზონა

აკრძალულია მოგზაურობა სხვა რეგიონებში, აგრეთვე, გადაადგილება მუნიციპალიტეტის შიგნით სამსახურის, ჯანმრთელობის ან სწავლის საჭიროების გარდა (აუცილებლად უნდა იქონიოთ თვითსერტიფიკტი).

სკოლები მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე არიან მე-2 კლასიდან ზემოთ.

მაღაზიები დაკეტილია, საკვები პროდუქტის მაღაზიების, აფთიაქების, თამბაქოს ჯიხურების, საგაზეთო კიოსკების გარდა. საპარიკმახეროების მუშაობაც ნებადართულია.

ბარები და რესტორნები დაკეტილია, თუმცა ნებადართულია საკვების გაყიდვა გატანის სერვისით და სახლში მიტანით.

მოქალაქეებს გარეთ გასვლა შეუძლიათ მხოლოდ საკუთრი სახლის სიახლოვეს, მათ შორის, სპორტით დაკავებისთვის.

ნარინჯისფერი ზონა

აკრძალულია საკუთარი მუნიციპალიტეტიდან (სადაც ცხოვრობთ) სხვა მუნიციპალიტეტებსა და, რა თქმა უნდა, სხვა რეგიონებში გამგზავრება, სამუშაოს, სწავლის ან ჯანმრთელობის საჭიროების გარდა (უნდა იქონიოთ თვითსერტიფიკატი). აკრძალული არ არის, თუმცა რეკომენდებულია, თავი შეიკავოთ მოგზაურობისგან იმ მუნიციპალიტეტის ფარგლებშიც, რომელშიც ცხოვრობთ.

მაღაზიები, საპარიკმახერო და კოსმეტიკური სალონები ღიაა.

ბარები და რესტორნები გატანის სერვისით მუშაობენ 18:00 სთ-მდე, შემდეგ კი შეუძლიათ საკვების სახლში მიტანის სერვისის განხორციელება.

ყვითელი ზონა

აკრძალულია მოგზაურობა სხვა რეგიონებში, სამსახურის, ჯანმრთელობის ან სწავლის საჭიროების გარდა (უნდა იქონიოთ თვითსერტიფიკტი).

მეტროში, ავტობუსებსა და საგარეუბნო მატარებლებში დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს.

ახალი Dpcm ითვალისწინებს მოსწავლეების დაბრუნებას კლასებში 50%-იდან 75%-მდე დასწრებით, თუმცა  რეგიონების მთავრობებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ უფრო მკაცრი დადგენილებები.

კინოთეატრების, თეატრების და გამოფენების მუშაობა ჩერდება. მუზეუმები ღია იქნება სამუშაო დღეებში, მოქალაქეებს შეუძლიათ პარკებში სეირნობა.

სავაჭრო ცენტრები გამოსასვლელ დღეებში დაკეტილი იქნება; ბარების და რესტორნების მუშაობა ნებადართულია 18:00 სთ-მდე, მაგრამ მაგიდასთან 4 ადამიანზე მეტი არ უნდა იჯდეს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ რეგიონების გუბერნატორებმა რეგიონულ საკითხთა მინისტრს მარიასტელა გელმინის გაუგზავნეს წინადადებები სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის არის თხოვნა, გადაიხედოს პარამეტრები, რომელთა საფუძველზეც რეგიონების „ეპიდემიოლოგიური ფერები“ განისაზღვრება; აგრეთვე, საუბარია ვაქცინის წარმოების დაჩქარებაზე. ქალაქების მერები კი ითხოვენ, საღამოს საათებშიც დაუშვან რესტორნების და ბარების მუშაობა.

წყარო: La Repubblica

როგორც ზემოთ მოცემულ რუკაზე ჩანს, იტალიამ დაიწყო რეგიონებს შიგნით სხვადასხვა დასახლებებისთვის „წითელი ზონების“ კვალიფიკაციის მინიჭება, ძირითადად, ახალი შტამების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. როგორც ცნობილია, იტალიაში უკვე დაფიქსირებულია ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთამერიკული შტამებით ინფიცირების რამდენიმე ათეული შემთხვევა, სპეციალისტების შეშფოთება და მთავრობის სიფრთხილე მეტწილად ამას უკავშირდება.

ზოგიერთ რეგიონში, რომელიც ყვითელ ზონაშია, ერთი ან მეტი დასახლება წითელ ზონადაა მონიშნული. მაგ., პიემონტი მთლიანობაში ყვითელი ზონაა, თუმცა მის ჩრდილოეთში, შვეიცარიის საზღვართან მდებარე კომუნა რე წითელ ზონად არის კლასიფიცირებული. ასევე ყვითელი ზონაა ლომბარდიის რეგიონი, თუმცა 4 კომუნა წითელ ზონაშია და, შესაბამისად, ჩაკეტილია: ვიჯუ, ბოლატე, კასტრეძატო და მედე.

მთლიანად წითელი ზონაა ბოლცანო.

უმბრიის რეგიონში წითელი ზონაა პერუჯის პროვინცია, ტერნის პროვინცია კი ნარინჯისფერ ზონაშია, 3 წითელი კომუნის გარდა: კალვი დელ’უმბრია, ლუინიანო ინ ტევერინა და ატილიანო.

აბრუცოს რეგიონში წითელი ზონის კლასიფიკაცია აქვს პესკარის და კიეტის პროვინციებს მთლიანად, ხოლო ნარინჯისფერია ტერამოს და ლაკვილის პროვინციები ანუ აბრუცო, პრაქტიკულად, ნახევრად წითელია, ნახევრად ნარინჯისფერი.

ლაციოს რეგიონი (დედაქალქი რომი) ყვითელი ზონაა, თუმცა რეგიონის შიგნით 3 დასახლებას წითელი ზონის სტატუსი აქვს, ესენია: კოლეფერო, კარპინეტო რომანო და როკაგორგა.

მთლიანად ყვითელი ზონაა: ვენეტო, ფრიული ვენეცია ჯულია, ვალე დ’აოსტა, მარკე, აპულია, ბაზილიკატა, კალაბრია, სიცილია და სარდინია.

ნარინჯისფერია: ლიგურია, ემილია რომანია, ტოსკანა, მოლიზე და კამპანია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close