მსოფლიოპოლიტიკა

აცრის ეფექტი: ისრაელში COVID-19-ის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება იწყება

ზაფხულში ისრაელი უცხოელთათვის საზღვრების მთლიანად გახსნას გეგმავს

21 თებერვლიდან ისრაელის ხელისუფლება COVID-19-ის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის კანცელარიისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

შემსუბუქება შეეხება მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღეს და აცრიდან, სულ ცოტა, ერთი კვირა მაინც გავიდა. 21 თებერვლიდან მათ შეუძლიათ იარონ სპორტულ დარბაზებში, აუზზე, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებსა და სხვ.

ამავე დღიდან ისრაელში გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, ბაზრები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები და სალოცავები.

ისრაელში „ფაიზერის“ ვაქცინის ერთი დოზა მაინც უკვე მიიღო მოსახლეობის 43%-მა. Reuters-ის ცნობით, არსებული გეგმის თანახმად, თებერვალში ორივე დოზით აცრილი იქნება ქვეყნის მთელი მოსახლეობის 30%, ხოლო მარტისთვის – 50%.

კომპანიების – „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ერთობლივი ვაქცინის გარდა ისრაელმა გამოყენებისთვის დაამტკიცა, აგრეთვე, მეორე ამერიკული კომპანიის – Moderna-ს ვაქცინა.

მკაცრი ლოქდაუნი ისრაელში 8 იანვრიდან დაიწყო. აიკრძალა 5 კაცზე მეტის შეკრება ერთ შენობაში და 10-ზე მეტის – ღია ცის ქვეშ. აგრეთვე, დაშვებული იყო სახლიდან მხოლოდ 1 კმ-ის რადიუსში გადაადგილება, აუცილებელი საჭიროებების შემთხვევების გარდა. დაიკეტა ყველა მაღაზია, პროდუქტის და პირველადი საჭიროების პროდუქციის მაღაზიების გამოკლებით; დაიხურა სასტუმროები, სილამაზის სალონები, ზოოპარკები და ნაკრძალები.

შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი ისრაელში 7 თებერვლიდან დაიწყო, როდესაც სახლიდან 1 კმ-ზე შორს წასვლის აკრძალვა მოიხსნა. გაიხსნა ნაკრძალები და ეროვნული პარკები, რესტორნებსა და კაფეებს გატანის სერვისზე მუშაობის ნება დართეს.

19 თებერვლიდან ნებადართულია ერთ შენობაში მაქსიმიმ 10 ადამიანის შეკრება და ღია ცის ქვეშ – 20 კაცამდე.

წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის ხელისუფლება გეგმავს, პანდემიის გამო უცხოელებისთვის დახურული საზღვრები სრულად გახსნას 2021 წლის ზაფხულში. ამასთან, საერთაშორისო ავიამიმოსვლის და ტურიზმის აღდგენის დაწყებას ხელისუფლება მარტიდან დაიწყებს. შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა კვიპროსთან. ანალოგიურ მოლაპარაკებებს ისრაელი აწარმოებს სერბეთთან, სეიშელის კუნძულებთან, რუმინეთსა და საქართველოსთან.

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 26 იანვრიდან 7 თებერვლამდე პერიოდში ქვეყანაში უცხოელთა შესვლა მთლიანად აიკრძალა, ხელისფლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებს უშვებდა. მსოფლიოს ყველა წერტილიდან ისრაელში ჩამოსულ მოგზაურებს ევალებათ გაიარონ აუცილებელი კარანტინი ისრაელის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სასტუმროში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close