საზოგადოებასაქართველო

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

დღეს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე 10 თებერვალს გარდაიცვალა 91 წლის ასაკში.

თამაზ გამყრელიძე 2005–2013 წლებში იყოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1974), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964). ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს.

თამაზ გამყრელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ასევე მრჩეველთა საბჭოს წევრი.

თამაზ გამყრელიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენასა და განვითარებაში, სწორედ მან მოაწერა ხელი 1991 წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

იყო ევროპის აკადემიის პირველი ქართველი ნამდვილი წევრი; ბრიტანეთის, ავსტრიის, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიების უცხოელ საპატიო წევრი; ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი, ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) ნამდვილი წევრი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, დაწესდება აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსს ორგანიზებას გაუწევს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია გაიცემა ენათმეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის.

პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ენათმეცნიერების მიმართულებით მოღვაწე დოქტორის ხარისხის მქონე საქართველოს თუ უცხოეთის მოქალაქეს. გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივითვე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამაზ გამყრელიძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება, ხოლო სტუდენტებისათვის მისი სახელობის სტიპენდია დაწესდება.

სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close