საზოგადოებასაქართველო

ცოტნე გამსახურდიას მკურნალმა ექიმმა გერმანიაში კუთვნილ ჰონორარზე უარი თქვა (ვიდეო)

„იმედი კვირამ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა გერმანული კლინიკის იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია ამჟამად მკურნალობას და ადრეულ რეაბილიტაციას გადის. ეს არის უნის (Unna, გერმანია) საავადმყოფოს ნევროლოგიისა და გერიატრიის დეპარტამენტის დირექტორი, ესენის (Essen) უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის თავის ტკივილის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ქაცარავა.

„ავადმყოფი 2 კვირაა, რაც ჩვენს საავადმყოფოში იმყოფება. ადრეული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ – სტაბილური. მგონი, ოდნავ მინიმალური წინსვლა გვაქვს. პირველადი დაზიანების სიმძიმე ძალიან მძიმეა და, შესაბამისად, ამის აღდგენის პოტენციალი მცირეა. ეს არის ძალიან თანმიმდევრული ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ნელა უნდა გავიაროთ. აქ არის ერთობლივი მუშაობა – ექიმი, ექთანი, ფიზიოთერაპევტი, ლოგოპედი, მისი ოჯახის წევრები, მეუღლე. ამ გუნდური მუშაობის შედეგად გვიხარია ყოველ კვირა, ყოველდღიურად თუ რაღაც პერიოდის შემდეგ ოდნავ პატარა წინსვლა გვქონდეს, მაგრამ საბოლოოდ რა შედეგს მივაღწევთ, ამის თქმა ძალიან ძნელია. როგორც გითხარით, პირველადი დაზიანებების ხარისხი ძალიან მძიმეა. დღეს ის თვალებით ამყარებს კონტაქტს. შეუძლია ერთი ან ორი სიტყვა თქვას. რა თქმა უნდა, ეს პროგრესად ითვლება. კიდევ ერთხელ ვამბობ, დაზიანებების ხარისხის სიმძიმე აისახება მის კლინიკურ მდგომარეობაზე, ტექნიკური გამოკვლევების შედეგებზე. ვხედავთ თავის ტვინში დაზიანებების ძალიან დიდ კერებს, რაც წინასწარ გვეუბნება, რომ ალბათ ძალიან რთული იქნება რაიმე საგრძნობი გაუმჯობესების მიღწევა. ჩვენ ჩვენსას არ დავაკლებთ და მისი მეუღლე ყველაფერს ცდილობს, რომ ავადმყოფის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში რა გამოვა, ამას ვერ გეტყვით“, – ამბობს ზაზა ქაცარავა.

ქართველმა ექიმმა საკუთარ ჰონონარზე უარი თქვა: „მე მინდოდა, როგორც ქართველს და როგორც 90-იანი წლების დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდის მომსწრეს და ამის გულშემატკივარს, მოქალაქეობრივი ვალი, ჩემი დამოკიდებულება ამ ოჯახის მიმართ გამომეხატა. მინდოდა ყველაფერი გამეკეთებინა და ყველანაირი დახმარება აღმომეჩინა ჩვენი საყვარელი მწერლის შვილიშვილისთვის, ჩვენი პირველი პრეზიდენტის შვილისთვის და მისი ოჯახისთვის. გამეკეთებინა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. ამ საავადყოფოში ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება ამ ავადმყოფის მიმართ და ყველა ცდილობს, რომ თავისი საუკეთესო და თავისი მაქსიმუმი გააკეთოს“, – განმარტავს ზაზა ქაცარავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა. ცოტნე გამსახურდია თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ თურქეთის კლინიკაში მკურნალობდნენ, გასული წლის ივლისში კი გერმანიის ერთ-ერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში, ჰაიდელბერგში (Kliniken Schmieder Heidelberg) გადიოდა რეაბილიტაციის კურსს. უცხოეთში მკურნალობას და რეაბილიტაციას პირველივე დღიდან სრულად აფინანსებს „ფონდი ქართუ“. ფონდი მზადაა ფინანსური მხარდაჭერა ცოტნეს სრულად გამოჯანმრთელებამდე გააგრძელოს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close