მსოფლიოტექნოლოგიები

დანია ზღვაში კუნძულს ააშენებს, რათა ნავთობისა და გაზის მოხმარება შეწყვიტოს

დანიის მთავრობამ მწვანე შუქი მისცა ჩრდილოეთის ზღვაში უზარმაზარი ხელოვნური კუნძულის მშენებლობას. 18 საფეხბურთო მოედნის ტოლ ფართობზე (120 ათასი კვ. მ) 200 ქარის გენერატორი განთავსდება, რომელიც  3 მილიონ ოჯახურ მეურნეობას ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. ამის შესახებ BBC წერს.

ამ უდიდესი სამშენებლო პროექტის ღირებულება 34 მილიარდი ევროა. მისი აგება 2033 წლისთვის უნდა დასრულდეს. კუნძული-ელექტროსადგური 3 გიგავატი ენერგიის გამომუშავებაზეა გათვლილი.

კუნძულის მფლობელები იქნებიან სახელმწიფო და კერძო სექტორი, თანაბრად. მომავალში შესაძლებელია მისი ზომის 3-ჯერ გაზრდა.

ვარაუდობენ, რომ კუნძული ელექტროენერგიით მეზობელ ქვეყნებსაც მოამარაგებს. ჯერჯერობით არ სახელდება, რომელ ქვეყნებს, თუმცა სავარაუდო პარტნიორები შესაძლოა იყვნენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ნიდერლანდები.

უზარმაზარი კუნძული – ქარის ელექტროსადგური, აგრეთვე, გამოიმუშავებს წყალბადსაც მრეწველობასა და ტრანსპორტში გამოსაყენებლად.

დანიაში მიღებული კლიმატის აქტის თანახმად, ქვეყანა აპირებს სათბური გაზების გამოყოფა უახლოეს 10 წელიწადში 70%-ით შეამციროს 1990 წელთან შედარებით, ხოლო 2050 წლისთვის სათბური გაზების ნულოვან მაჩვენებელზე გავიდეს.

გასული წლის დეკემბერში კოპენჰაგენმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე, თავის კუთვნილ ნაწილში, ნავთობის და გაზის ძიების სამუშაოები შეწყვიტა.

ენერგეტიკის მინისტრის, დანა იორგენსენის თქმით, ქვეყანა პრიორიტეტებს ცვლის.

იდეას დანიაში ყველა მიმართულების პოლიტიკოსებმა დაუჭირეს მხარი.

ბალტიის ზღვაში, კუნძულ ბორნჰოლმის ნაპირებთან, მატერიკული დანიიდან აღმოსავლეთით კიდევ ერთი მსგავსი, შედარებით მცირე ზომის კუნძულის აგება იგეგმება (2 გიგავატ ენერგიაზე გათვლილი). უკვე ხელმოწერილია შეთანხმებები, რომელთა თანახმადაც, მასზე გამომუშავებულ ელექტროენერგიას გერმანია, ბელგია და ნიდერლანდები მიიღებენ.

გასული წლის ნოემბერში ევროკავშირმა გამოაცხადა თავისი გეგმა, ზღვაში განთავსებული ქარის გენერატორების საშუალებით 2030 წლისთვის 5-ჯერ გაზარდოს ელექტროენერგიის გამომუშავება, ხოლო 2050 წლისთვის – 25-ჯერ.

ამჟამად ევროკავშირი მოხმარებული მთლიანი ენერგიის მესამედს განახლებადი წყაროებიდან იღებს.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი ადგილი ჩრდილოეთის ზღვაში, სადაც ხელოვნული კუნძული აიგება, ცნობილია მხოლოდ, რომ ის ნაპირიდან 80 კმ-ის დაშორებით იქნება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close