მსოფლიოპოლიტიკა

ომსკში მოულოდნელად გარდაიცვალა ექიმი, რომელიც მოწამლულ ნავალნის მკურნალობდა

სასწრაფო დახმარების ექიმი სერგეი მაქსიმიშინი, რომელმაც გასული წლის ზაფხულში ომსკში პირველმა გაუწია სამედიცინიო დახმარება რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ, მოულოდნელად გარდაიცვალა 55 წლის ასაკში.

ექიმის სიკვდილი დაადასტურა საავადმყოფომ, რომელშიც ის მუშაობდა. ინფორმაციას ტელეკომპნია CNN-ი ავრცელებს.

ომსკის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიური განყოფილების უფროსის მოადგილე მაქსიმიშინი რუს ოპოზიციონერს მკურნალობდა, როდესაც იგი ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. ინფორმაცია ტელეკომპანიას ნავალნის თანაშემწემ ლეონიდ ვოლკოვმა მიაწოდა.

„მაქსიმიშინმა ალექსეის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იცოდა მეტი, ვიდრე ვინმე სხვამ, ასე რომ, დანაშაული გამორიცხული არ არის, – განაცხადა ვოლკოვმა. – ამავე დროს, რუსეთის ჯანდაცვის სისტემა ძალიან ცუდია და ექიმის სიკვდილი ამ ასაკში  იშვიათობას არ წარმოადგენს“.

მაქსიმიშინი ომსკის საავადმყოფოში 28 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე იმყოფებოდა. იგი ცუდად თვითმფრინავში გახდა, როდესაც ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. თავიდან იგი ომსკის საავადმყოფოში მოათავსეს, რის შემდეგაც თვითმფრინავით ბერლინის კლინიკა Charite-ში გადაიყვანეს.

17 იანვარს ბერლინიდან რუსეთში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. რამდენიმე დღის წინ, 2 თებერვალს ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს და 2 წელი და 8 თვე კოლონია მიუსაჯეს. ნავალნი მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებს „შეთითხნილს“ უწოდებს.

ნავალნის დაპატიმრებას დიდი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთელ რუსეთში, რომლის დროსაც პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა.

ოპოზიციური პოლიტიკოსის წინააღმდეგ გამოტანილმა განაჩენმა რუსეთში ბევრი ცნობილი ადამიანი აღაშფოთა. ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა ინსტაგრამში პოსტი დაწერა, რომელშიც სასამართლოს „აღმაშფოთებლად უსამართლო“ უწოდა და ნავალნის წინააღმდეგ „ივ როშეს“ საქმე ხადარკოვსკის წინააღმდეგ „იუკოსის“ საქმეს შეადარა.

ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ამჟამად მეორე პროცესი მიმდინარეობს „ვეტერანის შეურაცხყოფის“ ბრალდებით. ამ მუხლით ნავალნის თავისუფლების აღკვეთა არ ელოდება, მხოლოდ ჯარიმა და ან აუცილებელი (იძულებითი) მუშაობა.

„დაზარალებულად“ ცნობილი ომის ვეტერანი, 94 წლის იგნატ არტიომენკო ვიდეორგოლში გადაიღეს, რომელშიც სხვებთან ერთად კონსტიტუციის შესწორებას უწევდა აგიტაციას და ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისთვის ვადების გაუქმებას ითხოვდა. ნავალნიმ ვიდეორგოლში გადაღებულ აგიტატორებს „ქვეყნის სირცხვილი, უსინდისო ადმიანები“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ ნავალნის ედავებიან არა ვიდეორგოლში გადაღებული ყველა აგიტატორის შეურაცხყოფას, არამედ მხოლოდ 94 წლის ვეტერანის.

სასამართლოს პირველი სხდომა დღეს გაიმართა მოსკოვის ბაბუშკინოს რაიონის სასამართლოში. მოსმენა ძალზე ემოციურად წარიმართა, მონაწილეები, ბიბისის ცნობით, დროდადრო ყვირილზე გადადიოდნენ. შედეგად, სასამართლო 12 თებერვალს გადაიტანეს.

ნავალნისთვის განაჩენის გამოტანამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

რუსეთი კიდევ უფრო შორს წავიდა და დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, გააძევოს ქვეყნიდან შვედეთის ელჩი, პოლონეთის დროებითი რწმუნებული რუსეთში და გერმანიის საელჩოს დესპანი, რომლებიც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ნავალნის მხარდამჭერ არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობდნენ. დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა უკვე დაგმეს ეს გადაწყვეტილება. ჟოზეპ ბორელი ამჟამად მოსკოვში იმყოფება ვიზიტით. ევროკავშირი და ჟოზეპ ბორელი რუსეთს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნავალნი.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო თავისი ელჩის მონაწილეობა არასანქცირებულ აქციაში. უწყების განცხადებით, დიპლომატი თვალს ადევნებდა აქციას სანკტ-პეტერბურგში, რაც სტანდარტული დიპოლომატიური პროცედურაა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰეიკო მაასმა დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა, რომელიც რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობას აუარესებს. მისი თქმით, თუ რუსეთი გადაწყვეტილებას არ შეცვლის, უპასუხოდ არ დარჩება.

ნავალნის მომხრეებმა კი საპროტესტო აქციების გამართვა გაზაფხულისთვის გადაიტანეს. ისინი ალექსეი ნავალნის კოლონიიდან გათავისუფლებას აშშ-ისა და ევროპის სანქციების მეშვეობით გეგმავენ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close