იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ახალი მთავრობის ფორმირებას ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს (2011-2019 წწ.) მარიო დრაგის დაავალებს. ამის შესახებ მედია წერს.
როგორც სამშაბათ საღამოს პრეზიდენტის პრესმდივანმა ჯოვანი გრასომ განაცხადა, მარიო დრაგის ახალი მინისტრთა კაბინეტის შექმნას შესთავაზებენ.
„პრეზიდენტი სერჯო მატარელა ოთხშაბთს, 12 საათზე (15 სთ თბილისის დროით) დოქტორ მარიო დრაგის იწვევს“, – თქვა მან.
უფრო ადრე მატარელამ განაცხადა, რომ აპირებს დაავალოს მთავრობის ფორმირება, რომელიც „დიდი ავტორიტეტით“ ისარგებლებს პირველხარისხოვანი გადაუდებელი საკითხების გადასაწყვეტად. ის ფაქტი, რომ იგი კვირინალეს სასახლეში შეხვედრაზე იწვევს დრაგის, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ სწორედ მას დაევალება ახალი კაბინეტის შექმნა პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მიერ პოსტის დატოვების შემდეგ.
მოსალოდნელია, რომ ახალი „ფართო მთავრობის“ (როგორც მატარელა უწოდებს) კოალიციაში შევლენ მემარცხენე ლიბერალები („დემოკრატიული პარტია“), პოპულისტები („5 ვარსკვლავის მოძრაობა“) და სილვიო ბერლუსკონის „ფორცა იტალია“. ბერლუსკონიმ სამთავრობო კოალიციაში შესვლის სურვილი 2 დღის წინ გამოთქვა, რითაც სალვინის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ცნობილია, ულტრამემარჯვენეები დაბეჯითებით მოითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.
არჩევნებს რაც შეეხება, სერჯო მატარელას თქმით, იტალიაში სამთავრობო კრიზისის დასაძლევად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შეუძლებელია კორონავირუსის პანდემიისგან შექმნილი მდგომარეობის გამო. ამის შესახებ პრეზიდენტმა სამშაბათს განაცხადა პარლამენტის დეპუტატთა (ქვედა) პალატის სპიკერთან, რობერტო ფიკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რობერტო ფიკოს რამდენიმე დღის წინ დაევალა კრიზისის გადაწყვეტა და ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნისთვის კონსულტაციების წარმოება, თუმცა ხანგრძლივი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ პოლიტიკოსებმა ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს. დემოკრატები და „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ ვერც სამთავრობო პროგრამაზე შეთანხმდენენ და ვერც მინისტრების პოსტების განაწილებაზე. ფიკომ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ პარლამენტის არსებული შემადგენლობიდან ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნის მისი მისია წარუმატებელი აღმოჩნდა.
როგორც ცნობილია, იტალიაში სამთავრობო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრისტული „იტალია ვივას“ ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. „იტალია ვივას“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი (2014-2016 წწ.) მატეო რენცი ეკონომიკის აღდგენის გეგმას არ ეთანხმება. მატეო რენცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ვერ შეთანხმდნენ, როგორ უნდა დაიხარჯოს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სახსრები (209 მლრდ ევრო) კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებული ეკონომიკის აღსადგენად.
პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე 26 იანვარს გადადგა, თუმცა პრეზიდენტმა სთხოვა მოქმედ მინისტრთა კაბინეტს, გაეგრძელებინა მუშაობა კრიზისის მოგვარებამდე და ახალი მთავრობის ფორმირებამდე.
პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის ხელმძღვანელობით სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე კონსულტაციები ოთხშაბათს, 3 თებერვალს დაიწყება. პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალას, გაერთიანდნენ იტალიის გადარჩენის ამოცანის გარშემო.
აღსანიშნავია, რომ 2 თებერვალს „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია კიდევ ერთმა დეპუტატმა – ემილიო კარელიმ დატოვა. მან განაცხადა, რომ „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ბოლო დროს „თავისი სული დაკარგა“, ხოლო ცოტა ხნის წინანდელი „სევდიანი სპექტაკლი“ – დეპუტატების მოსყიდვით ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობა ბოლო წვეთი აღმოჩნდა.
2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ფრაქციიდან დეპუტატების გასვლის პროცესი 2019 წელს დაიწყო, როდესაც „მოძრაობამ“ მემარცხენე ლიბერალურ „დემოკრატიულ პარტიასთან“ ერთად შექმნა ახალი კოალიციური მთავრობა მას შემდეგ, რაც სალვინის „ლიგასთან“ ერთად შექმნილი წინა კოალიციური მთავრობა დაიშალა.
„5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ უკვე განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს მარიო დრაგის კანდიდატურას.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები