არტისტისაქართველო

რას წერდა ევგენი ლეონოვი თბილისზე

მსახიობი ევგენი ლეონოვი თბილისში ყოფნისას ჩვენი დედაქალაქით იმდენად მოიხიბლა, რომ თავის ვაჟს საგანგებო წერილიც მისწერა:

„ანდრიუშა, თბილისი ქალაქია, სადაც აუცილებლად უნდა ჩამოგიყვანო. აქ პირველად არ ვარ, მაგრამ მახსოვს, პირველად რომ ჩამოვედი, უკვე მიყვარდა – არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები გია დანელია და ბუბა კიკაბიძე ბევრს მიამბობდნენ თბილისის შესახებ, უბრალოდ ჩემი სათუთი გრძნობები ამ ადამიანებთან ერთად მათ სამშობლოზეც გადამივიდა.

ამ ქალაქს არ უნდა მოვენუსხე, აქ ჩამოსვლამდე ვიყავი აღტაცებული მისი მუსიკით, ნიჭიერებით, არაჩვეულებრივი მეგობრული განწყობით.

თვითმფრინავში, როცა სტიუარდესამ გამოაცხადა, რომ მივფრინავთ კავკასიონის მცირე ქედის ზემოთ და რომ მარჯვნივ მისი უმაღლესი წერტილი ყაზბეგია, სიამაყით გავიფიქრე, ჩემს ქვემოთ კავკასიაა.

არის ქალაქები, სადაც უცხოდ არ გრძნობ თავს, თუმცა პირველად ხარ. რით აიხსნება ეს, ნამდვილად არ ვიცი. ქუჩაში ქართული საუბარი მესმის, რადიომიმღებში ოდნავ სევდიანი ქართული მელოდია ჟღერს, მეტროში მაშინვე ვერ ვპოულობ რუსულენოვან წარწერებს, მაგრამ თავს მარტოსულად მაინც არ ვგრძნობ.

ირგვლივ ყველაფერი შთამბეჭდავია, ახალი, ლამაზი და ის ყველას ეკუთვნის, ვინც აღიქვამს ამ სილამაზეს. ეს ხომ ზოგადი ჭეშმარიტებაა – ხელოვნებაშიც, ცხოვრებაშიც ასეა – ყველაფერი მშვენიერი ეკუთვნის მას, ვისაც მისი აღქმის და შეგრძნების უნარი აქვს.

თბილისი – ერთი დიდი სახლია, სადაც თითოეული მაცხოვრებელი ერთმანეთს პატივს სცემს. ამას მთელი არსებით შევიგრძნობ.

ქართველებმა იციან თავისი ისტორია, ფესვები, ტრადიციები, ეს ძლიერადაა გამჟღავნებული ხელოვნებაში, მუსიკაში… აკადემიურ მღერაში ან ესტრადაში კი არა, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში – აქ ყველა მღერის და თან ისე უბრალოდ, ლამაზად, მუსიკალურად…

ალბათ ფიქრობ – რა თქმა უნდა ასეც იქნება, შენ ხომ განსაკუთრებული მზრუნველობით და ყურადღებით გეპყრობოდნენო… დიახ, ასეა – გიამ სტუმრად ვერიკო ანჯაფარიძესთანაც კი წამიყვანა, ისეთი ნასიამოვნები ვიყავი მისი შექებით, როგორც პატარა ბიჭი. როცა მითხრა, რომ იცნობს ჩემს შემოქმედებას, უნახავს ჩემი ფილმები და ბევრი მათგანი მოსწონს კიდეც.

ამ ქალაქში მძაფრად ვგრძნობ სიყვარულს ცხოვრებისადმი, მოწიწებას ადამიანებისადმი და როგორც ყოველთვის, მიჩნდება სურვილი ეს ყველაფერი შენც გაგინაწილო, შვილო!

თბილისი მთებით ისე არის გარშემორტყმული და დაცული არასასურველი ქარებისაგან, როგორც ერთგული მამაკაცის ზურგს ამოფარებული ქალი. ეს არის ყველაზე მიუწვდომელი ადგილი ბოროტი ძალებისთვის.
აქ ვერ ვამჩნევ მოსკოვურ ამაოებას: თუ ადამიანები სუფრასთან მღერიან, არავინ საათს არ უყურებს, თუ ქართველთან საუბრობ, ხედავ რომ ის მზადაა ისაუბროს შენთან მანამდე, სადამდეც საჭიროება მოითხოვს.

შეიძლება ეს ყველაფერი სასაცილოა – უბრალოდ დავიღალე მუდმივი სიჩქარით, გადარბენებით, თუმცა სინამდვილეში ცხოვრების თითოეული წამი მიქრის.

აი, გწერ წერილს სასტუმრო „ივერიის“ აივნიდან. ქვემოთ მტკვარი მიედინება, უწყვეტად მოძრაობენ მანქანები და გეგონება მდინარეს კი არ აქვს ჩქარი დინება, ქვიანი ნაპირები აჩქარებენ მის მოძრაობას და წყალს სადღაც მიარბენინებენ.

ამ აივნიდან ვერასდროს ვეღარ დავინახავ დიდებულ, განათებულ ქალაქს და ვიფიქრებ შენს გამოცდებზე. როცა ამ წერილს მიიღებ, ერთი გამოცდა უკვე ჩაბარებული გექნება.

აი, რა მინდა გითხრა: ამ ცხოვრებაში შემთხვევითობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ის ყველაფერი, რაც შემთხვევითობაზეა დამოკიდებული, სულაც არ არის მთავარი.

დღეს ჩვენ ძველ ქალაქში – მცხეთაში ვიყავით. მაღალ ციცაბო ფერდობზე, მტკვრისა და არაგვის შესართავთან დგას ჯვრის მონასტერი – საქართველოს უძველესი ეკლესია. ის ქართველების მიერ ქრისტიანობის მიღების პატივსაცემად არის აგებული. დიდებული ტაძარია. შეუძლებელია აქ პუშკინს ლექსები არ დაეწერა. ეს პოეტების ადგილია! ჩვენ აქ აუცილებლად ერთად მოვალთ.

მამა
თბილისი. 10 ივლისი. 1976 წ.“

artinfo.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close