მაშველებმა ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის ბავშვი გადაარჩინეს (ვიდეო)
ზუგდიდის ე.წ. საკონსერვოს უბანში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა. ნანგრევებში 10 წლის ბავშვი მოყვა. ადგილობრივების თქმით, ნგრევისას მოზარდი შენობაში მარტო იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა დაშავებული 10 წლის გოგონა, ნანგრევებიდან ძალიან მალე ამოიყვანეს.
გადარჩენილი ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმის თქმით, დაშავებულ მოზარდს მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აქვს, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სტაბილურია. საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საკონსერვოს უბანში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებლის ავარიულ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი ხუთი ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე მათგანს ახალ საცხოვრებელ კორპუსებში ბინები უკვე გადაეცა. რაც შეეხება დაშავებული გოგონას ოჯახს, ზუგდიდის მერის მოადგილის, გიგა ფარულავას თქმით, მათ განცხადება ჰქონდათ შეტანილი სოფლად სახლის შესყიდვაზე.
ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელაიას განცხადებით, ოჯახი უახლოეს დღეებში მიიღებს სახლს დევნილთა სამინისტროს პროგრამის „სოფლად სახლის“ ფარგლებში, მანამდე კი მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.
კომენტარები