იტალიაპოლიტიკა

დღეიდან იტალია „ყვითელ ზონაშია“, 5 „ნარინჯისფერი“ რეგიონის გარდა; შესაძლოა „თეთრი ზონებიც“ გამოჩნდეს

მთავრობა ახალ დეკრეტზე მუშაობს, მედიაში უკვე „გაჟონა“ ინფორმაციებმა

სამფეროვანი (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი) ეპიდემიოლოგიური ზონების რეჟიმი იტალიაში დღეიდან, 11 იანვრიდან ისევ დაბრუნდა მას შემდეგ, რაც „საშობაო დეკრეტის“ მოქმედების ვადა ამოიწურა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

დღეიდან ლომბარდია, ემილია-რომანია, კალაბრია, ვენეტო და სიცილია „ნარინჯისფერი“ გახდა, შესაბამისად, ამ რეგიონებში უფრო მკაცრი ზომები მოქმედებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ვიდრე იტალიის დანარჩენ ტერიტორიაზე. ეს ზომები განსაზღვრულია დეკრეტი-კანონით, რომელიც მთავრობამ გასული წლის 3 დეკემბერს მიიღო. იტალიის დანარჩენი ნაწილი კი „ყვითელ ზონაშია“ 15 იანვრამდე, როდესაც 3 დეკემბერს მიღებული შეზღუდვების მოქმედების ვადა იწურება და ახალი DPCM-ის მიერ განსაზღვრული წესები ამოქმედდება. ახალ დეკრეტს მთავრობა უახლოეს დღეებში მიიღებს.

„ნარინჯისფერ ზონებში“ მოქცეული რეგიონებისათვის ძალაშია ზოგადი წესები: კომენდანტის საათი და გადაადგილების აკრძალვა 22:00-იდან 05:00 საათამდე, ხოლო 05:00-იდან 22:00 საათამდე კი აუცილებელია მოქალაქეებმა თავიანთი მუნიციპალიტეტის ფარგლებში გადაადგილებისთვის თვითსერტიფიკატი შეავსონ. ბარები და რესტორნები ისევ გატანის სერვისზე იმუშავებენ, ხოლო მაღაზიები ღია იქნება, თუმცა სხვადასხვა სახის შეზღუდვები იმოქმედებს.

„ნარინჯისფერ ზონებში“ მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილება აკრძალულია აუცილებლობის შემთხვევების გარდა (როგორიცაა: სამუშაო, ჯანმრთელობის მდგომარეობა ან გადაუდებელი შემთხვევა). რეგიონებს შორის გადადგილება კი მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია, თუმცა მოქალაქეებს რეგიონებს შორის გადაადგილება შეუძლიათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების მიზნით.

გუშინ, კვირა საღამოს გამართულ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განიხილეს დიფერენცირებულ „ფერად ზონებთან“ დაკავშირებით მომავალი ცვლილებების შესაძლებლობები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ახალ დადგენილებაში (Dpcm) შევა.

დადგენილების ტექსტის განხილვა რამდენიმე დღეს გაგრძელდება, თუმცა მედიაში უკვე „გაჟონა“ ინფორმაციებმა მისი სამუშაო ვერსიიდან –  სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ბარებისა და რესტორნების მუშაობის მომავალ შეზღუდვებზე, აგრეთვე, „თეთრი ზონის“ შემოღების შესაძლებლობაზე, რომელიც გამოყენებული იქნება რეგიონების შემთხვევაში, სადაც ინფექციის ტრანსმისიის ინდექსი (Rt) 0,5-ს არ აღემატება და ინფიცირებულთა რაოდენობაც ძალიან ცოტაა. „თეთრ ზონებში“ შესაძლებელი გახდება ყველაფრის ისევ გახსნა, შეზღუდვების გარეშე.

და პირიქით, თუ რეგიონში დაავადების მაჩვენებელი ძალიან მოიმატებს – 250 და მეტი შემთხვევა 100 ათას მაცხოვრებელზე – ის ავტომატურად გადავა „ წითელ ზონაში“. თუ ეს ჰიპოთეზა დამტკიცდება, ვენეტო ავტომატურად მოხვდება „წითელ ზონაში“ (ამ დროისთვის რეგიონში ფიქსირდება 453-ზე მეტი შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე), ემილია-რომანია კი (242-ზე მეტი შემთხვევა) „წითელი ზონის“ რეალური კანდიდატი იქნება.

მედიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, არ შეიცვლება ბოლო დეკრეტით მიღებული დაშვება – დღეში ერთხელ ნათესავების ან მეგობრების მონახულების შესაძლებლობა, მაქსიმუმ 2 ადამიანის წასვლა ერთად (სათვალავში არ შედის 14 წლამდე მოზარდები).

ახალი დეკრეტით, სავარაუდოდ, ისევ გადაიწევს სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროების გახსნა, რომელიც 18 იანვრიდან არის დაგეგმილი.

გამოსასვლელ დღეებთან დაკავშირებული აკრძალვები, რომელზეც საუბარი იყო (ზონების ფერების მიუხედავად, შაბათ-კვირას დაკეტილიყო მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები), როგორც მედია იუწყება, უარყოფილი იქნება და ყველა რეგიონში შაბათ-კვირასაც მისი „ეპიდემიოლოგიური ფერის“ მიხედვით დადგენილი წესები იმოქმედებს.

სატრენაჟორო დარბაზები და აუზები ისევ დახურული იქნება, ისევე როგორც თეატრები, კინოთეატრები და მუზეუმები.

დღეიდან საჯარო სკოლები (მერხთან სწავლა) ისევ გაიხსნა იტალიის მხოლოდ სამ რეგიონში: ვალე დ’აოსტაში, ტოსკანასა და აბრუცოში.

დღეს დილით მთავრობა რეგიონების წარმომადგენლებს ხვდება მომავალი ზომების განხილვის მიზნით.

დარჩა 5 დღე ახალ დეკრეტამდე, რომელიც, კიჯის სასახლის განცხადებით, იტალიის ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტის (Istituto Superiore di Sanità/ISS) და სამეცნიერო-ტექტიკური კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით იქნება მიღებული. მთავრობის მთავარი მიზანია კორონავირუსის ეპიდემიის „მესამე ტალღის“ თავიდან აცილება, რისი საშიშროებაც არსებობს.

გასულ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 18 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 361 ინფიცირებული. ინფექციის პოზიტიურობის მაჩვენებელი (ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი პასუხის პროცენტული რაოდენობა) 13,3%-მდე გაიზარდა.

ნინო ხოშტარია 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close