პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
ილია მეორის პირადი ექიმის განცხადებით, შესაძლოა, პატრიარქს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ჩაუტარდა „პისიარ“ ტესტი, რომლის შედეგადაც, დღეს მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
რამდენიმე საათით ადრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა, რომ შესაძლოა, კორონავირუსზე ილია მეორის ტესტირება გახდეს საჭირო.
„შორენა თეთრუაშვილის შუალედური პასუხია საეჭვო დადებითი. ახლა დილით კიდევ აიღეს ანალიზი და „პისიარ“ ტესტი 15:00 საათისთვის დამთავრდება, მერე იქნება საბოლოო პასუხი. პირველი პასუხი წუხელ გვიან იყო.
შეიძლება დაისვას პატრიარქისთვის ტესტის გაკეთების საკითხი, განიხილება ჯერ. ქალბატონ შორენას არ ჰქონდა მასთან შეხება, დისტანციურად იყო, მაგრამ მაინც სიფრთხილისთვის შეიძლება მოხდეს ესეც.
ეპიდემიოლოგები და ყველა ცდილობს, სწორი გზა მონახოს, რათა ყველა გზა იყოს დაცული“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.
1tv.ge-ს მიხედვით
კომენტარები