ქართველებმა უკრაინელი დეპუტატი გაძარცვეს – სპეცოპერაციის კადრები ინტერნეტში გავრცელდა (ვიდეო)
ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს უკრაინის დედაქალაქში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
ახლახან კი ცნობილი გახდა დაკავებულთა ვინაობა – 46 წლის რომეო ფიფია და 45 წლის გია დანელია. უკრაინულ ინტერნეტრესურსებში გავრცელებულია კიევის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციის კადრებიც, სადაც ასახულია რომეო ფიფიას და გია დანელიას დაკავება.
სპეცოპერაცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც ფიფიამ და დანელიამ უკრაინელი დეპუტატის, ვლადიმერ კაცუბას კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს.
დეპუტატის მძღოლი ლესია უკრაინკას მოედანთან მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან გამოვიდა, რა დროსაც ორი ქართველი მამაკაცი მიუახლოვდა და ხელყუმბარის აფეთქებით დაემუქრა, თუ ფულს არ გადასცემდა.
მას ჩანთაში, სავარაუდოდ, დეპუტატის კუთვნილი 160 000 ევრო და 340 000 გრივნა ედო.
როგორც ჩანს, ეს მათ მიერ მოქალაქეთა ძარცვის პირველი შემთხვევა არ იყო. გაირკვა, რომ რომეო ფიფია და გია დანელია ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებთან ადამიანებს სისტემატურად ძარცვავდნენ, ისინი რამდენჯერმე დააკავეს კიდეც, თუმცა პირობითი სასჯელის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ ისინი სასამართლოში ქრთამს იხდიდნენ.
ბოლო ძარცვის დროს კი მათ დასაკავებლად კიევის ცენტრში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, გაისმა რამდენიმე გასროლის ხმაც, ვინაიდან მძარცველებმა მანქანით გაქცევა სცადეს.
ამჟამად ორივე მათგანი დაკავებულია და ნაკლებსავარაუდოა, რომ მართლმსაჯულებისთვის თავის არიდება კვლავაც მოახერხონ.
გაირკვა ისიც, რომ სერიულ ძარცვაში ბრალდებულ რომეო ფიფიას ოდესაში კომპანია ჰქონდა რეგისტრირებული, რომელიც ხილის ბიზნესით იყო დაკავებული.
primetime.ge
კომენტარები