ბაგრატიონთა ესპანური შტო მემკვიდრეს ელოდება
იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელი და ცნობილი მოდელი ქრისტინე ძიძიგური პირველ შვილს ელოდებიან.
იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელია, სოციალური ქსელით ახალ ამბავს იტყობინება.
„ქრისტინე და მე მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ ველოდებით ჩვენს პირველ შვილს 2021 წლის დასაწყისში. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს“, – წერს იგი ფეისბუქში.
იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელმა და ცნობილმა მოდელმა ქრისტინე ძიძიგურმა 2014 წელს ესპანეთში იქორწინეს, 4 წლის შემდეგ კი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერეს ჯვარი.
43 წლის იოანე ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი ერეკლე მეორის შთამომავლია, მის სისხლში ასევე ევროპელი მონარქების – ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ისა (1825 – 1848) და ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ის (1874 – 1885) სისხლი ჩქეფს.
ხუანმა ბავშვობა მადრიდში გაატარა. გარკვეული პერიოდი ესპანეთში და ბრიტანეთში ცხოვრობდა, შემდეგ პარიზში გადავიდა. პრინცი ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული.
წარმატებული მოდელი ქრისტინე ძიძიგური საფრანგეთში „დიორის“ პარფიუმის სახლის სახე იყო, საქართველოდან გამგზავრებამდე კი ის ანსამბლ „ერისიონში“ ცეკვავდა, 2008 წელს „ვიცე მის საქართველოს“ ტიტულიც მოიპოვა.
მისი თქმით, ხუანი ძალიან ყურადღებიანი და გულისხმიერი მეუღლეა და საჩუქრებით ხშირად ანებივრებს. „ჩემთვის ყველაზე ძვირფასია მეუღლის ნაჩუქარი მწვანე ყელსაბამი, რომელიც გაცნობის შემდეგ მაჩუქა, იმის ნიშნად, რომ დარწმუნებული იყო ჩემ მიმართ საკუთარ გრძნობებში“, – განცხადა ქრისტინემ ერთ-ერთ ინტერვიუში.
კომენტარები